ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!

1

და მოსრულ იყო მუნ კაცი ერთი ნაშობი უსჯულოებისა, და სახელი მისი საბეე, ძე ბაქორისი, იემინელი. და მან მეყსეულად ნესტუსა დაბერა და თქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა! არცა სამკჳდრებელი ჩუენი ძისა თანა იესესისა! მიმოდაეგენ ყოველი კაცი ისრაჱლისა ადგილად თჳსა!

2 ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე. 2 და წარვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა, რომელნი იყუნეს მეფისა თანა, და შეუდგეს საბეესა, ძესა ბაქორისასა, ხოლო კაცნი იგი იუდასნი მოვიდეს მეფისა თანა იორდანით იერუსალჱმად.
3 დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში გამოიყვანა ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩაყარა საპატიმროში. არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ. 3 და შევიდა დავით სახიდ თჳსა იერუსალჱმად. და მოიყვანა მეფემან ათნივე იგი ხარჭნი თჳსნი, რომელნი დაეტევნეს მცველად სახლსა მისსა და დასხნა იგინი სახლსა შინა ერთსა და როჭიკსა სცემდა მათ, ხოლო იგი არღარა შევიდის მათ თანა. და იყუნეს იგინი დაცულ და შესჭამდეს როჭიკსა ქურიობისასა ვიდრე სიკუდილადმდე მათა.
4 უთხრა მეფემ ყამასას: სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე. 4 და ჰრქუა მეფემან ამესას: დრო-ეც ერსა მაგას იუდასსა სამ დღე და შენ აქავე დადეგ!
5 წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააციღა მისთვის დაწესებულ ვადას. 5 და წარვიდა ამესა და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას მეფემან.
6 უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს. 6 მაშინ ჰრქუა დავით ამესას: ბოროტი ნურა გჳყოს ჩუენ საბეე, ძემან ბაქორისამან, უფროს აბესალომისა. აწ შენ წარიყვანე ერი უფლისა შენისა და ეწიე მას, ნუ უკუნშევიდეს იგი ქალაქსა სადამე ერთსა ძნელსა, შეევედროს მათ ჩუენგან.
7 გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად. 7 და უბრძანა დავით ყოველსა ერსა, რათა წარვიდეს. და დევნა-უყვეს აბესა და კაცთა იოაბისთა და ქერეთუნ ოფელტი და ყოველი იგი ერი წარვიდეს ამესას თანა და სდევდეს საბეეს, ძესა ბაქორისასა.
8 გაბაონში, დიდ ქვასთან, რომ მივიდნენ, ყმასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული, ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით, და სიარულისას მიწაზე სცემდა. 8 და იგი დაბანაკებულ იყო ლოდსა მას თანა დიდსა, რომელი იყო გაბაონს. და ამესა მოვიდა და დადგა პირისპირ მათსა. და იოაბს შთაეცვა ჯაჭვი და ერტყა მას ჴმალი პოლოტიკი ორპირი. და აღმოშორებულ იყო ჴმალი იგი ქარქაშსა მისსა.
9 უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად. 9 ჰრქუა იოაბ აბესიას: მშჳდობით ხარა, ძმაო? და მოსდვა ჴელი იოაბ ამესას ქედსა, მოზიდა, რეცა თუ ამბორისა-ყოფისა.
10

არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.

10

და ამესა არა ეკრძალა, რათამცა დაიცვა თავი თჳსი ჴმლისა მისგან და სცა იოაბ უბესა ამესასა ზეჩამომართ და გარდმოყარნა ნაწლევნი მისნი: და მუნთქუესვე წიაღჴდეს სულნი მისნი. იოაბ და აბესამ დევნა-უყვეს საბიას, ძესა ბოქორისსა.

11 თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს! 11 და მოვიდა კაცი ერთი და დადგა ამასიას ზედა სპათაგან იოაბისთა და თქვა: რომელსა უყვარან დავით და იოაბ, შეუდგეს იოაბს, და აბესიას!
12 შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა. 12 რამეთუ ამესა მომკუდარ არს და შესვარულ სისხლითა და ძეს გზასა ზედა. და ყოველი კაცი, რომელი მოვალნ, დაადგრის მას ზედა, და ხედავნ მას! ვითარცა ესმა სიტყვა ესე იოაბს, აღიღეს ამესა და გარდარევდეს გზასა და დაბურეს მას სამოსელი.
13 როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ. 13 და მიერითგან შეუდგა ერი იგი იოაბს და სდევდეს საბეეს, ძესა ბოქორისსა.
14 მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას. 14 და მოვიდეს ნათესავთა მათ თანა ისრაჱლისათა საბეე და ბეთბაგოს და ყოველნი მოქალაქენი შეკრბეს ქალაქსა ერთსა.
15 მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას. 15 და უქმნეს მას ზღუდისზღუდე. და ყოველი იგი ერი იოაბისი გარემოადგა ქალაქსა მას და მიაწიეს იგი გამოსაღებელად.
16 დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი. 16 და ჴმა-ყო დედაკაცმან ერთმან ბრძენმან ზღუდით გარდამო და თქუა: ისმინეთ, ისმინეთ ჩემი, რომელნი-ეგე გარემოდგომილ ხართ ქალაქსა ამას, და არქუთ იოაბს, რათა მო-რე-დგეს და ვეტყოდი მას!
17 მიუახლოვდა მას იოაბი და ჰკითხა დედაკაცმა: შენა ხარ იოაბი? მიუგო: მე ვარ. უთხრა: ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვას. მიუგო: ყურს ვუგდებ. 17 ვითარცა მივიდა იოაბ მახლობელად ზღუდესა მას, და ჰრქუა დედაკაცმან მან იოაბს: ისმინენ სიტყუანი მჴევლისა შენისანი! და ჰრქუა: იტყოდე, მესმის!
18 უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო. 18 და დედაკაცმან ჰრქვა იოაბს: სიტყჳსჯერად უთქვამს პირველთა მათ, ვითარმედ: იკითხონ აბელსა და დანს მოაკლდენ, რომელი სარწმუნოთა ისრაჱლისათა დადვეს და თქუეს, ვითარმედ: იკითხონ იაბელს და ეგრე მოაკლდენ.
19

მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?

19

აწ მე ვარ მშჳდობა და სიმტკიცე ისრაჱლისა და აწ შენ მოსრულ ხარ მოოჴრებად ქალაქისა ამის, რომელი დედა არს ყოველთა ქალაქთა ისრაჱლისათა? აწ რასა შთანსთქამ სამკჳდრებელსა უფლისასა?

20 მიუგო იოაბმა და უთხრა: ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება. 20 მიუგო იოაბ და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე ჩემდა, ვითარმცა მოვაოჴრე ეგე!
21 აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცი და დავეხსნებით ქალაქს. უთხრა დედაკაცმა იოაბს: კეთილი, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს. 21 არა ეგრე, არამედ კაცი ერთი მანდა შევიდა მთისა ეფრემისი, საბეე, ძე ბოქორისა, რომელი მჴდომად აღუდგა დავითს. იგი ხოლო მარტო გამომეცით და წარვიდე ქალაქისა ამისგან! და ჰრქუა დედაკაცმან: აწვე, ვიდრე მანდაღა სდგა, გარდმოგიგდონ თავი მისი!
22 მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. ბუკს ჰკრა თუ არა იოაბმა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან. 22 და შევიდა დედაკაცი იგი მუნვე ქალაქად და ეტყოდა მოქალაქეთა სიტყუათა მათ გონიერებისათა. და მოჰკუეთეს თავი საბეეს, ძესა ბოქორისასა, და გარდმოუგდეს იოაბს. და უბრძანა იოაბ დაბერვა ნესტჳსა და დაცადებად ბრძოლა ქალაქსა მას. და განიბნია ერი იგი თჳთეულად ადგილად თჳსსა და იოაბ წარვიდა მეფისა იერუსალჱმდ.
23 იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს. 23 და იოაბ იყო უხუცესი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა და ბანია, ძე იოდესი, იყო ჴელმწიფე ჩერეთეოსა და ფილეთეოსა ზედა.
24 ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო, 24 და ადორამ ხარკისმომჴდელი იყო და საფან, ძე აქითალისი, საჴსენებელთმწიგნობარ.
25 შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები. 25 და სოსაკ მწიგნობართმოძღუარი იყო, სადუკ და აბითარ მღდელთმოძღუარნი იყუნეს.
26 ყირა იარელიც მღვდელი იყო დავითთან. 26 და ირას - ეეთეს მღდელად წინაშე მდგომელ დავითისა.