1 |
მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და
ხორცი ვართ ყველანი.
|
1 |
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და
ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა
შენთაგანნი!
|
2 |
წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა
უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი. |
2 |
რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე
იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან,
ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი! |
3 |
მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და
შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის
მეფედ დავითი. |
3 |
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი
ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა,
და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა. |
4 |
ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი
წელი. |
4 |
რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ,
და ორმეოც წელ მეფობდა იგი. |
5 |
ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე;
იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე. |
5 |
შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა;
ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა
იერუსალჱმს. |
6 |
გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ
იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს:
ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ: ვერ
შემოვაო დავითი. |
6 |
და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა
იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას
ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა
შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და
იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით! |
7 |
მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის
დავითის ქალაქი. |
7 |
და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე
არს ქალაქი დავითისი. |
8 |
თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა
მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი
და ბრმა არ შევიდესო ტაძარში. |
8 |
და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან
დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ
იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა
ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა. |
9 |
დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს
გარშემო და შიგნით. |
9 |
და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი
დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა
ტაზარი თჳსი. |
10 |
სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ
ღმერთი მასთან იყო. |
10 |
და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა. |
11 |
გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები,
ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
|
11 |
მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი
ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს
მუნ ტაზარი დავითისა.
|
12 |
მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ
აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის გამო. |
12 |
და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა
მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა
ისრაჱლისა. |
13 |
კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ
და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. |
13 |
და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს
შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და
ასულებ. |
14 |
აჰა, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამყუაყი, შობაბი, ნათანი და
სოლომონი. |
14 |
და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს
იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან, |
15 |
იბსარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი, |
15 |
იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ. |
16 |
ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი. |
16 |
ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ. |
17 |
შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ
ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა. |
17 |
და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ
ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და
ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით
ადგილსა მას ძნელოვანსა. |
18 |
მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ. |
18 |
და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას
ტიტანელთასა. |
19 |
დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო
უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს. |
19 |
და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს
ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა
უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა! |
20 |
მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი
მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს
ბაალ-ფერაციმი. |
20 |
და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა
უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან
წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი.
|
21 |
იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
|
21 |
და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი
მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან. |
22 |
კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ. |
22 |
მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად
ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა. |
23 |
დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის
მხრიდან მიადექი. |
23 |
და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა
ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ
მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას
გლოისასა! |
24 |
როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე,
რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად. |
24 |
და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას
გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე
შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ. |
25 |
ისე მოიქცა დავითი, როგორც დაარიგა იგი უფალმა, და გაბაონიდან გაზერამდე მუსრს
ავლებდა ფილისტიმელებს. |
25 |
და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა
უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე. |