1 |
მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი. |
|
|
2 |
მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა
უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ? |
|
|
3 |
ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის
საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ. |
|
|
4 |
თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას,
რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული. |
|
|
5 |
ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი,
ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც
გავიდა. |
|
|
6 |
ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის
გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი? |
|
|
7 |
მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის
გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს
ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი, |
|
|
8 |
მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს
ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო. |
|
|
9 |
ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე,
რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ
მიპასუხე. |
|
|
10 |
მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე |
|
|
11 |
და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის
გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება
ჩემს წინაშე? |
|
|
12 |
მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში
გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი. |
|
|
13 |
ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ
ერთმანეთში ხეები, |
|
|
14 |
ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს
ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო. |
|
|
15 |
მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში,
ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც
დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო. |
|
|
16 |
მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი. |
|
|
17 |
ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა. |
|
|
18 |
შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან
ვის დასდებდი მსჯავრს? |
|
|
19 |
მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა
განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად. |
|
|
20 |
მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე
საკუთარი თავი? |
|
|
21 |
როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი
ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება
შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია. |
|
|
22 |
მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების
უნარი. |
|
|
23 |
მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ
იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს
საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი
წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი
მცნებები. |
|
|
24 |
კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა
ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ. |
|
|
25 |
მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ.
აი, ეს არის ჩემი საკითხავი. |
|
|
26 |
მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები;
რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი. |
|
|
27 |
ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის
აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე. |
|
|
28 |
ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ
დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი. |
|
|
29 |
ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ
აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც
სიკეთეა დათესილი. |
|
|
30 |
რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია
დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ
წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს. |
|
|
31 |
განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს
ბოროტების თესლის მარცვალი |
|
|
32 |
და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი
მოიმკება. |
|
|
33 |
ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის
ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი? |
|
|
34 |
მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა
შორს იყო წასული. |
|
|
35 |
განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ
სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი
საზღაურის ნაყოფი? |
|
|
36 |
ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა:
როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო
წუთისოფელი; |
|
|
37 |
საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ
აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული
საწყაული. |
|
|
38 |
მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ
აღსავსენი ვართ უკეთურებით? |
|
|
39 |
იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის
მკვიდრთა ცოდვების გამო? |
|
|
40 |
ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ
შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო? |
|
|
41 |
მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს
მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი. |
|
|
42 |
როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა,
ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან. |
|
|
43 |
გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს. |
|
|
44 |
მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ
შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ, |
|
|
45 |
გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ
აღემატება განვლილი მომავალს? |
|
|
46 |
რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი. |
|
|
47 |
მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების
განმარტებას გამოგიცხადებ. |
|
|
48 |
მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა
ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი. |
|
|
49 |
შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი
წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში. |
|
|
50 |
და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება
წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო
წვეთები და კვამლი კი დარჩა. |
|
|
51 |
ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ,
მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ? |
|
|
52 |
მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები,
ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის,
რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი. |
|
|