1 |
ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი
შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. |
|
|
2 |
გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ
და ვიდრე ოდესმე გსმენია; |
|
|
3 |
სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და
უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ. |
|
|
4 |
თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე
საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება
მთვარე. |
|
|
5 |
ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და
შეძრწუნდებიან ხალხები. |
|
|
6 |
გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად
გადაიხვეწებიან ფრინველები. |
|
|
7 |
სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე,
რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს. |
|
|
8 |
იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ
ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს
დააჩენენ. |
|
|
9 |
მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან
ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის
სამყოფელში. |
|
|
10 |
ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა
დედამიწის ზურგზე. |
|
|
11 |
შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ
გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს. |
|
|
12 |
მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ:
იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები. |
|
|
13 |
ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ
ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე
მეტსაც. |
|
|
14 |
გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი
ჩემი სული, ლამის წამსვლოდა. |
|
|
15 |
მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც
მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა. |
|
|
16 |
მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი
და რად გაქვსო მწუხარე სახე; |
|
|
17 |
ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში? |
|
|
18 |
მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც
მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში. |
|
|
19 |
ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან
გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა. |
|
|
20 |
შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც
მიბრძანა ურიელ ანგელოზმა. |
|
|
21 |
შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის
ფიქრები. |
|
|
22 |
მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და
კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე. |
|
|
23 |
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის
ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე; |
|
|
24 |
დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე,
დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე, |
|
|
25 |
ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის,
ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის, |
|
|
26 |
ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი
დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი
განიკუთვნე, |
|
|
27 |
ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და
ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე. |
|
|
28 |
მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ
ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი. |
|
|
29 |
ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს
აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა. |
|
|
30 |
თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს. |
|
|
31 |
ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი,
რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული. |
|
|
32 |
მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს
გეტყვი. |
|
|
33 |
ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე.
ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს? |
|
|
34 |
ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი
ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი
სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი. |
|
|
35 |
მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის
გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და
ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი? |
|
|
36 |
მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე
გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები, |
|
|
37 |
გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში
ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის
ხილვასაც ითხოვ. |
|
|
38 |
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა
ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი? |
|
|
39 |
მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე? |
|
|
40 |
მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე
ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს
აღვუთქვი. |
|
|
41 |
ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც
ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ,
ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან? |
|
|
42 |
მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც
უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე. |
|
|
43 |
ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა,
ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი
სამართალი? |
|
|
44 |
მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო
აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია
შესაქმნელი. |
|
|
45 |
ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ,
ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს
ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც. |
|
|
46 |
მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ,
რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს. |
|
|
47 |
ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ
შესძლებს-მეთქი. |
|
|
48 |
მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში.
|
|
|
49 |
როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე
განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი. |
|
|
50 |
შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი:
ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა
უკვე? |
|
|
51 |
მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის. |
|
|
52 |
უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე,
წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო? |
|
|
53 |
თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით
გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას
იშვნენ. |
|
|
54 |
თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც
თქვენს წინ იყვნენ. |
|
|
55 |
შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც
ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ,
უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები
შენს ქმნილებას? |
|
|