ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და წარმოთქვა ეს ლოცვა: |
||
2 | უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების გამრიგევ, წმიდაო წმიდათა შორის, თვითმპყრობელო, ყოვლადძლიერო, შეგვეწიე შეჭირვებულთ უღვთოსგან და მკრეხელისგან, ძალითა და მძლავრობით გაკადნიერებულისგან. | ||
3 | რადგან შენ, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანი ხელმწიფე ხარ; შენ განსჯი მათ, ვინც თავხედურად და კადნიერად იქცევა. | ||
4 | შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის ბუმბერაზებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე. | ||
5 | შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, რომლებიც ახდილად ჩადიოდნენ უკეთურებებს და საარაკოდ გახადე ისინი შთამომავლობისთვის. | ||
6 | შენ უჩვენე შენი ძლევამოსილება თავხედ ფარაონს, შენი ერის, წმიდა ისრაელის დამატყვევებელს და მრავალი და მრავალი სასჯელით ჰგვემე იგი; დაანახვე შენი ძლიერება. | ||
7 | ეტლებითა და დიდძალი ჯარითურთ შენი ხალხის მდევნელი დანთქე ზღვის სიღრმეში, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების გამრიგის, მოსავნი ცოცხლები გამოიყვანე, | ||
8 | და განგადიდეს ყოვლისმპყრობელი შენი ხელის ნამოქმედართა მხილველებმა. | ||
9 | შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად. | ||
10 | ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას. | ||
11 | მისანდობელი ხარ შენ და ჭეშმარიტი, | ||
12 | რადგან ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მამა-პაპას და დიდი ბოროტებისგან გიხსნია. | ||
13 | და ახლაც, წმიდათა მეუფეო, ჩვენი მრავალი და დიდი შეცოდებების გამო ვიტანჯებოდით ჩვენს მტერს დამორჩილებულნი, დაუძლურებულნი. | ||
14 | ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავხედი და მკრეხელი ლამობს შეურაცხყოს ამ ქვეყანაში შენს დიდებულ სახელზე ნაკურთხი წმიდა ადგილი. | ||
15 | შენი სამყოფელი, ცა ცათა, მიუწვდომელია ადამიანთათვის, | ||
16 | მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, შენი დიდება და აკურთხე ეს ადგილი. | ||
17 |
ნუ მოგვკითხავ ჩვენ ამათ უწმიდურობას, ნურც დაგვსჯი მათი მკრეხელობისთვის, რისხვით რომ არ მოჰყვნენ ტრაბახს ურჯულოები, არ გათავხედნენ და არა თქვან კადნიერი ენით: |
||
18 | გავთელეთ საწმიდარის სახლი, როგორც თელავენ წაბილწულ სახლებსო. | ||
19 | განგვაშორე ჩვენი ცოდვები და გაფანტე ჩვენი შეცოდებები, გამოაჩინე შენი მოწყალება ამ ჟამს. | ||
20 | სწრაფად გარდამოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული; ხოტბის მადლი მოანიჭე გათელილთა ბაგეს, მშვიდობა მიჰმადლე სულით შემუსვრილებს. | ||
21 | მაშინ შეისმინა რჯულიერი ლოცვა-ვედრება ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა, პირველმამამ, წმიდამ წმიდათა შორის, და დასაჯა გაკადნიერებული და თავგასული, | ||
22 | აქეთ-იქით შეარხია იგი, როგორც ლერწამი ირხევა ქარისაგან და დაეცა იგი მიწაზე უმწეოდ, ასოგანრღვეული, ხმის ამოღება არ შეეძლო, რადგან სამართლიანი სასჯელით იყო ნაგვემი. | ||
23 | შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველები ამ საშინელი სასჯელის შემსწრენი; შეეშინდათ, სიცოცხლე არ მოესწრაფოსო მეფეს, და სასწრაფოდ განარიდეს ამ ადგილს თავადაც თავზარდაცემულებმა. | ||
24 | მცირე ხანს გონს მოეგო და, თუმცა დასჯილი იყო, არც კი მოუნანიებია; პირთქით, სასტიკი მუქარის სიტყვებით დასტოვა იქაურობა. | ||
25 | ეგვიპტეში ჩასულმა უმატა ბოროტის ქმნას, წაქეზებულმა მემთვრალე თანამეინახეთაგან, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი სამართლიანობისგან. | ||
26 | არ დასჯერდა უთვალავ უკეთურ საქმეს, არამედ იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იქაურ ადგილებს. მეფის ბევრი მეგობარი, ვინც ხშირად უყურებდა მის საქციელს, მის ნებას იყო აყოლილი. | ||
27 | ბოლოს, გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით: | ||
28 | ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ. | ||
29 | აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ. | ||
30 | ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება. | ||
31 | ზოგიერთებმა მოქალაქეობის უფლებათა გამო საკუთარი რჯული მოიძულეს და ადვილად დანებდნენ, თითქოს მეფესთან ურთიერთობით სახელს მოიხვეჭდნენ. | ||
32 | მაგრამ მრავალნი სულით მტკიცენი აღმოჩნდნენ და არ განუდგნენ ღვთისმოსავობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ, აღწერისგან თავი დაეღწიათ; | ||
33 | ღვთის შეწევნის იმედით საზრდოობდნენ, განდგომილებს გაემიჯნენ, ერის მტრებად ჩათვალეს ისინი და მოიკვეთეს თავიანთი საზოგადოებისგან და ურთიერთშემწეობისგან. |