ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს რომ შეიტყო იმ უღვთომ, ისე გამძვინვარდა, რომ უკვე მხოლოდ ალექსანდრიელ იუდაელებზე კი აღარ ბობოქრობდა, არამედ საერთოდ ქვეყნის ყველა მცხოვრებსაც სასტიკად დაუპირისპირდა. ბრძანა, ყველასთვის დაუყონებლივ თავი მოეყარათ ერთ ადგილზე, რომ უსასტიკესი სასჯელით მოესწრაფათ სიცოცხლე. |
||
2 | სანამ ეს საქმეები გვარდებოდა, კიდევ გავრცელდა მტრული ხმები იუდაელთა ხალხზე მისთვის ავის განმზრახველთა წყალობით, თითქოს იუდაელები მათი კანონების დაცვას არიდებდნენ თავს; | ||
3 | თუმცა იუდაელები კეთილგანწყობას და ერთგულებას იჩენდნენ მეფისადმი. | ||
4 | მაგრამ რაკი ისინი თავიანთ ღმერთა ესავენ და რჯულს მისდევენ და გარჩევა აქვთ საჭმელში, ამ მიზეზით სიძულვილით უყურებენ მათ ზოგიერთნი. | ||
5 | ხოლო სამართლიანი და ქველმოქმედებით შემკობილი იუდაელები ბევრისგან პატივისცემას იმსახურებდნენ; | ||
6 | მაგრამ მაინც ამ ხალხის სიკეთით სავსე ცხოვრების უცხოტომელნი არაფრად მიიჩნევდნენ; | ||
7 | ისინი ჭორაობდნკნ მათ ღვთისმსახურებაზე და მათ საჭმელზე, ამტკიცებდნენ, თითქოს არც მეფის, არც მისი ხელისუფლების ერთგულნი არ ყოფილიყვნენ, მტრულად ყოფილიყვნენ მათი საქმეებისადმი განწყობილნი. და ასე განზრახ უვრცელებდნენ მათ ცუდ ხმებს. | ||
8 | ხოლო ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომელთაც იუდაელთაგან ცუდი არ ახსოვდათ, დაინახეს რა მოულოდნელი აღშფოთება მათ წინააღმდეგ და ბრბოების თავმოყრა მათ გარშემო, თუმცა არ შეეძლოთ მათი დახმარება, რადგან სამეფო განკარგულებას გვერდს ვერ აუქცევდნენ, მაინც ცდილობდნენ მათ ნუგეშისცემას, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ შეიცვლებოდა ვითარება. | ||
9 | რადგან არ ეგებოდა ამდენი უდანაშაულო ხალხის მიტოვება ბედის ანაბარა. | ||
10 | თუმცა ზოგიერთი მათი მეზობელი და მეგობარი, ვისაც მათთან საქმე აკავშირებდა, ფარულად იღებდა ზოგიერთ მათგანს და აღუთქვამდა, რომ ყველაუერს იღონებდა მათ დასაცავად. | ||
11 | ხოლო მეფემ თავისი კეთილდღეობით გათავხედებულმა, არაფრად რომ არ აგდებდა უზენაესი ღმერთის ძალას და დაბეჯითებით განიზრახავდა ჩანაფიქრის განხორციელებას, ასეთი წერილი დაწერა მათ მიმართ: | ||
12 | მეფე პტოლემეოს ფილოპატორი თავის სარდლებსა და ჯარისკაცებს ეგვიპტეში და მის ყველა ადგილას ესალმება და ჯანმრთელობას უსურვებს. | ||
13 | კარგად ვარ და ჩვენი საქმეებიც კარგად მიდის. | ||
14 | აზიაში ჩვენი ლაშქრობთს დროს, სადაც თქვენც უწყით, ღმერთთა მოულოდნელი შეწევნით, წარმატებით აღვასრულეთ განზრახული, | ||
15 | ჩვენ არა იარაღის ძალით, არამედ მოწყალებითა და დიდი კაცთმოყვარეობით ვზრუნავდით კოილეს სირიის მოსახლეობაზე და ვცდილობდით ფინიკიის ხალხებსაც კეთილად მოვქცეოდით. | ||
16 |
ქალაქთა საწმიდარებს მრავლად შევწირეთ დიდძალი ქონება და ასე მივადექით იერუსალიმს, ავედით ამ უკეთური და უგუნურებაში დაუოკებელი ხალხის საწმიდარის პატივსაცემად. |
||
17 | სიტყვით კი მიგვიღეს, მაგრამ საქმით მზაკვრულად მოგვექცნენ. როცა მოვისურვეთ მათ ტაძარში საკადრისი და ღირსეული შესაწირით შესვლა, რათა პატივი გვეცა მისთვის, | ||
18 | თავხედურად მოგვივარდნენ და შესასვლელი გადაგვიკეტეს. ჩეენ კი არც გვიფიქრია, ძალისათვის მიგვემართა იმ კაცთმოყვარეობის გამო, რომელსაც ყველასადმი ვიჩენთ. | ||
19 | ჩვენდამი აშკარა მტრობის გამოჩენით ერთადერთი ეს ხალხი შეიქნა ყველა ხალხს შორის, რომელიც გაუდიდგულდა მეფეებსა და თავიანთ კეთილისმყოფელთ და არ სურთ კეთილშობილურად იქცეოდნენ. | ||
20 | მაგრამ ჩვენ არ ავყევით მათ უგუნურებას და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ეგვიპტეშიც კი შესაფერისი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინეთ, როგორც ყოველი ხალხის მიმართ ვიქცევით, | ||
21 | ამასთან ერთად ჩვენ გამოვუცხადეთ ყველას, რომ ვივიწყებთ ყველაფერს ცუდს, რაც მათ თანამემამულეთაგან გვინახავს; რადგან ჩვენს მოკავშირეებად მიგვაჩნია თავიდანვე. ერთი ცვლილებაც კი გავბედეთ: გადავწყვიტეთ ალექსანდრიის მოქალაქეობის ღირსად და ჩვენი სიწმიდეების მუდმივ თანაზიარად გაგვეხადა ისინი. | ||
22 | მათ კი თანდაყოლილი სიავის მიზეზით უკუღმა მიიღეს ეს ყოველივე, უარყვეს სიკეთე და, სულმუდამ მზაკვრობებისკენ მიდრეკილებმა, | ||
23 | არა თუ არ იკადრეს ეს დაუფასებელი მოქალაქეობა, არამედ მეტიც: საჯაროდ თუ დაფარულად გაწყვიტეს კავშირი იმ თანამემამულეებთან, ვინც ჩვენდამი გულითადად იყვნენ განწყობილნი; მათ იდუმალ სჯერათ, რომ მათი სამარცხვინო ცხოვრება მალე შეგვაცვლევინებს ჩვენს წესრიგს. | ||
24 | ამიტომ ჩვენ საკმარისი მაგალითი გვაქვს იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ მათ ყოვლად მტრულ განწყობილებაში ჩვენდამი; და თუ ჩვენს წინააღმდეგ უეცრად სადმე ჯანყი ატყდება, გვეცოდინება, რომ ზურგს უკან ეს გამყიდველი და ბარბაროსი ხალხი გვყავს. | ||
25 | ამიტომ განკარგულებას ვიძლევით: როგორც კი ამ წერილს მიიღებთ, თავიანთი ცოლ-შვილითურთ წარმოასხით ჩვენთან ისინი, რკინის ბორკილდადებულნი, ტანჯვითა და შეურაცხებით, რათა სამარცხვინო სიკვდილი დაიმსახურონ, როგორც მტრებს შეჰფერით. | ||
26 | რადგან თუ დასჯილნი გვეყოლებიან ყველანი, მომავალში კარგად წაგვივა სახელმწიფო საქმები და წესრიგი დაგვიმყარდება. | ||
27 | და თუ ვინმე შეიფარებს იუდაელს - მოხუცებულს თუ ბავშვს, ჩვილსაც კი, სამარცხვინო წამებით ამოხდება სული მას და მთელს მის ოჯახს. | ||
28 | ხოლო ვინც მოისურვებს, რამე შეგვატყობინოს, ჯილდოდ მიილებს დასჯილის ჩამორთმეულ ქონებას, ორიათას დრაქმას მეფის ხაზინიდან და თავისუფლებას. | ||
29 | ყოველი ადგილი კი, სადაც იპოვნიან თავშეფარებულ იუდაელს, განადგურდეს და გადაიბუგოს, რომ მოკვდავთათვის ყოვლად გამოუსადეგარი იყოს სამუდამოდ. | ||
30 | ასეთი იყო მეფის წერილი. |