ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ყველგან, სადაც კი გამოცხადდებოდა მეფის განკარგულება, წარმართთათვის სახელმწიფოს ხარჯზე იმართებთდა ხმაურიანი და მხიარული ნადიმები, რადგან სააშკარაოზე გამოვიდა მანამდე ფარული, გულში ჩამარხული სიძულვილი. |
||
2 | იუდაელებში კი განუწყვეტელი მოთქმა-გოდება და ცრემლის ღვრა იყო; ყველგან ოხვრა-კვნესა გაისმოდა; ხალხს გული უწუხდა, ასე უეცრად დასაღუპად განწირულს. | ||
3 | რომელი ოლქი ან ქალაქი, ან საერთოდ, რომელი დასახლებული ადგილი თუ ქუჩა არ შეუძრავს მათ მოთქმას და ტირილს? | ||
4 | ჯოგივით ერეკებოდნენ მათ ქალაქებიდან სასტიკი და ულმობელი სარდლები, ისე რომ ეს უჩვეულო სასჯელი იუდაელთა ზოგიერთი მტრის თვალშიც კი საწყალობელ სანახაობად იქცეოდა და იწვევდა ფიქრებს წუთისოფელის სიმუხთლეზე, და ისინიც მწარედ დასტიროდნენ უსამართლოდ დევნილებს. | ||
5 | მიათრევდნენ ჭაღარით შემკობილ მოხუცებს, დაუძლურებულთ და ასაკით წელში მოხრილთ; უსირცხვილოდ აიძულებდნენ, სწრაფად ევლოთ. | ||
6 | გოდებდნენ ახლადდაქორწინებული ყმაწვილი ქალები ნაცვლად იმისა, რომ გაეხარათ სანთიობოში; ნაცარს იყრიდნენ ზეთნაპკურებ თმაზე და თავშიშველნი, საქორწინო სიმღერების ნაცვლად, ერთხმად ტიროდნენ უცხოტომელთა სასტიკი მოპყრობით გამწარებულები. | ||
7 | ბორკილგაყრილნი ძალადობით მიჰყავდათ ისინი ქვეყნის თვალწინ, ვიდრე ხომალდში ჩაყრიდნენ. | ||
8 | ხოლო მათი ქმრები, ახალგაზრდული ასაკის მწვერვალს მიღწეულნი, კისერზე თოკშემოჭერილნი გვირგვინის ნაცვლად, ლხინისა და ჭაბუკური სიხალისის წილ გლოვაში ატარებდნენ ქორწილისთვის განკუთვნილ დღეებს, რადგან ფეხქვეშ უკვე პირაშკმულ ჯოჯოხეთს ხედავდნენ. | ||
9 | მხეცებივით აჰყავდათ ხომალდზე რკინის ბორკილებში; ზოგს კისრით აჯაჭვავდნენ მერხებს, ზოგს კი მაგარ ხუნდებში ჰქონდათ ფეხები გაყრილი. | ||
10 | ზემოდან სქელი ფიცარნაგი ჰქონდათ სახურავად, რომ დღის სხივი არ ენახათ და ავისმზრახველთა მსგავსად მთელი გზა ბნელში მსხდარიყვნენ. | ||
11 | როცა სქედიად წოდებულ ადგილს მიადგნენ, დასრულდა მოგზაურობა, თანახმად მეფის ბრძანებისა, და გამოამწყვდიეს ისინი იპოდრომზე, რომელიც უზარმაზარი გალავნით იყო შემოზღუდული და მოსახერხებელი იყო მათ სამაგალითოდ დასასჯელად ყველას თვალწინ, ვინც კი ქალაქში შემომსვლელი იყო ან ქალაქიდან გამსვლელი ქვეყნის შიგნით; განწირულთ არც მეფის ჯარებთან უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა და არც ქალაქის მოსახლეობასთან. | ||
12 |
როცა ეს შესრულდა, შეიტყო მეფემ, რომ ქალაქიდან ჩუმ-ჩუმად გამოდიან დასასჯელად თავშეყრილთა თანამემამულენი და მწარედ დასტირიან ძმათა უსახელო აღსასრულს, |
||
13 | განრისხებულმა ბრძანა, ამათაც ისევე მოქცეოდნენ, რომ არანაკლები სასჯელით დასჯილიყვნენ. | ||
14 | გასცა განკარგულება, მთელი ტომი სახელდებით აღეწერათ არა სამუშაოზე გასაწვევად, როგორც ამასწინათ ჰქონდათ გამოცხადებული, არამედ სატანჯველად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოთ მათთვის ბოლო. | ||
15 | თუმცა ხალხის აღწერა სწრაფად და ბეჯითად მიმდინარეობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ მაინც გაჭიანურდა და ორმოც დღეშიც ვერ დაასრულეს. | ||
16 | მეფე კი მეტისმეტი სიხარულით აღტაცებული ნადიმს ნადიმზე იწვევდა და ყველა კერპის წინაშე ფიქრითაც და ბილწი ბაგითაც დიდად სცოდავდა ჭეშმარიტებას; ხოტბას აღავლენდა მათ წინაშე, ვისაც არ ჰქონდა არც მეტყველების, არც შემწეობის უნარი; უზენაეს ღმერთზე კი შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა. | ||
17 | აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მწერლებმა მოახსენეს მეფეს, რომ აღარ შეუძლიათ იუდაელთა აღწერა მათი სიმრავლის გამო. | ||
18 | კიდევ უფრო მეტნი მთელს ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი, ზოგნი იყვნენ დარჩენილნი, სხვანი კი გზაში იყვნენ; | ||
19 | როცა მეფე დაემუქრა მათ და ბრალი დასდო, რომ მოქრთამულები ხართ და ყოველმხრივ ცდილობთ თავის დაძვრენასო, დაუწყეს მას დარწმუნება. | ||
20 | მოახსენეს, რომ გამოელიათ აღწერისთვის საჭირო ქაღალდი და კალმები. | ||
21 | აქ გამოჩნდა მოქმედება უძლეველი განგებისა, რომელიც ზეგარდამო შეეწეოდა იუდაელებს. |