1 |
მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი
ბრაზით აღსავსემ |
|
|
2 |
უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და
შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ,
და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად. |
|
|
3 |
ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია
მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი
იუდაელების მიმართ. |
|
|
4 |
ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა
ბრძანება. |
|
|
5 |
საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები
შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი
ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა. |
|
|
6 |
მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ
ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ, |
|
|
7 |
ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ
უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას, |
|
|
8 |
შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი
გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან. |
|
|
9 |
მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე. |
|
|
10 |
როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით
ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა. |
|
|
11 |
მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული
ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება
ყველას, ვისთვისაც მოისურვებს. |
|
|
12 |
მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო
ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება. |
|
|
13 |
ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა
ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი
ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის. |
|
|
14 |
მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი
სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს. |
|
|
15 |
ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის
დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე. |
|
|
16 |
როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით
დამსხდარიყვნენ მის წინ. |
|
|
17 |
ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა,
ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ. |
|
|
18 |
როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად
ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები. |
|
|
19 |
მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება
შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს. |
|
|
20 |
მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე,
დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის,
დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების
შესამუსრავად. |
|
|
21 |
მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა
კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ. |
|
|
22 |
მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ,
როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ. |
|
|
23 |
დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა
ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი. |
|
|
24 |
ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად
და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას. |
|
|
25 |
იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და
გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც
მოევლინებინა მათთვის ხსნა. |
|
|
26 |
ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის
მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო
მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ. |
|
|
27 |
ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით
განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი
განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი
გულმოდგინებით. |
|
|
28 |
ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც
დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა. |
|
|
29 |
ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ
და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ. |
|
|
30 |
ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან
ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა
მუქარით თქვა: |
|
|
31 |
შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის
სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს. |
|
|
32 |
რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ
მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს. |
|
|
33 |
ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა
და შეეცვალა მზერა და სახე. |
|
|
34 |
მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება
დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია. |
|
|
35 |
იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს
გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა. |
|
|
36 |
ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და
სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები. |
|
|
37 |
ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა
გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე? |
|
|
38 |
კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა
გასანადგურებლად. |
|
|
39 |
ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას
უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს: |
|
|
40 |
ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი
უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება,
ცვლი და აუქმებ დადგენილებას. |
|
|
41 |
მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის
ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია. |
|
|
42 |
ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო
იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ
დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს. |
|
|
43 |
შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით
მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს,
ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის
შემწირველთაგან. |
|
|
44 |
მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი
სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე
მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად. |
|
|
45 |
როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით -
საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი
იარაღებით აღჭურვა ისინი, |
|
|
46 |
და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი
ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე. |
|
|
47 |
მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული,
მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი
თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის. |
|
|
48 |
როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი
სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის
კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური, |
|
|
49 |
იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და
დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა,
ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს,
ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ
ძუძუს. |
|
|
50 |
მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი
სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები; |
|
|
51 |
ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს,
გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი. |
|
|