1 |
რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება. |
|
|
2 |
განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ
გონებით ალაგმა განცხრომის ვნება? |
|
|
3 |
რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ,
გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი. |
|
|
4 |
და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ
ვნებას სძლია გონებამ. |
|
|
5 |
აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც
რაიმე ქონება შენი ახლობლისა. |
|
|
6 |
მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად
დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ
ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ. |
|
|
7 |
რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან
ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის? |
|
|
8 |
ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული
არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და
შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა. |
|
|
9 |
მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით
აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს
პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია
გონება. |
|
|
10 |
რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს
კაცი. |
|
|
11 |
ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ
სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს. |
|
|
12 |
შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის. |
|
|
13 |
მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება
ჩაიდინა. |
|
|
14 |
უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია.
ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას
განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს. |
|
|
15 |
ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების
სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას. |
|
|
16 |
თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების
ბატონიც არის იგი. |
|
|
17 |
როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი
არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება. |
|
|
18 |
რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი
მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს. |
|
|
19 |
მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა
იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი
ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო? |
|
|
20 |
ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას
მრისხანების დათრგუნვა. |
|
|
21 |
როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და
ჩვევანი, |
|
|
22 |
და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა
ტახტზე, |
|
|
23 |
და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს
გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა. |
|
|
24 |
ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი
გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას? |
|
|