1 |
რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი
მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ. |
|
|
2 |
ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და
ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით. |
|
|
3 |
ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში
იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი. |
|
|
4 |
რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან
შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა. |
|
|
5 |
შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა
ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს. |
|
|
6 |
თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და
გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი
შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა
მოხუცმა მოძღვარმა. |
|
|
7 |
აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით
განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი
მოგვაყენო. |
|
|
8 |
ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს
დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით. |
|
|
9 |
შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის
განგებით მარადიული წამება ცეცხლში. |
|
|
10 |
ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი,
არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა. |
|
|
11 |
უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი
გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი. |
|
|
12 |
როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი. |
|
|
13 |
ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს. |
|
|
14 |
თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა: |
|
|
15 |
უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო,
გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე
ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ. |
|
|
16 |
ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო. |
|
|
17 |
ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება
დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები, |
|
|
18 |
მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ
ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე. |
|
|
19 |
ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს
ბორბალი. |
|
|
20 |
ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა
გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა. |
|
|
21 |
ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ
ყრმას - აბრაამის ძეს, |
|
|
22 |
არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად
უძლებდა წამებას. |
|
|
23 |
ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს,
შემომფიცეთ სულიერი ძმობა! |
|
|
24 |
საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი
მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს
იძიებს მტარვალ მბრძანებელზე. |
|
|
25 |
ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული. |
|
|
26 |
ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა
გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ,
მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს. |
|
|
27 |
ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი
მიიღეს. |
|
|
28 |
აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი,
ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ
მძიმე წამებას და ამბობდა: |
|
|
29 |
რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული
რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა: |
|
|
30 |
ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას
უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი
მოთმინებით რჯულის გულისთვის. |
|
|
31 |
მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ
ტანჯვას, |
|
|
32 |
შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის
სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო. |
|
|