1 |
განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა. |
1 |
მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან. |
2 |
როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე?
შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? |
2 |
ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ
შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი? |
3 |
რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს?
ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. |
3 |
რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად
საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს. |
4 |
ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან
უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი. |
4 |
და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის
სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს
მსჯავრი გულარძნილი. |
5 |
შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ
რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ. |
5 |
იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით
საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა
თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ. |
6 |
რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და
ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს,
რომლებიც მათ არ ეკუთვნით. |
6 |
მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა
მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად
დასაკარვებელთა არამისთა |
7 |
საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და
სასჯელი. |
7 |
საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და
მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს. |
8 |
ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით
მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან,
მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით. |
8 |
და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს
უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ
შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად. |
9 |
ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს
ტყვეებს. |
9 |
აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე
პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ. |
10 |
ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის
ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. |
10 |
და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა
სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი. |
11 |
მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია! |
11 |
მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა. |
12 |
შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო,
სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! |
12 |
არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და
არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად
სწავლისა მისისა. |
13 |
სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს
სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს
მართალს? |
13 |
წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად
ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა
დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა? |
14 |
ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო
ქვეწარმავლებივით. |
14 |
და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა
ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა? |
15 |
ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით
ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. |
15 |
მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი
სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და
იშუებდეს გული მისი. |
16 |
ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს
თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. |
16 |
ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა
თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი
მისნი რჩეულნი. |
17 |
ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ
ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით? |
17 |
ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად
ნათესავთა არა ერიდოს. |