ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ. |
1 |
განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ. |
2 | მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი თავზე საუკუნო დიდების შარავანდი. | 2 | მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ, |
3 | რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას ცისქვეშეთში. | 3 | რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი, |
4 | რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი: მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა. | 4 | რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა. |
5 | აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი. | 5 | აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა. |
6 | რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი, მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე. | 6 | რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა, ვითარცა საყდარი მეფობისაჲ. |
7 | რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში; | 7 | რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა. |
8 | ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით; | 8 | ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა, |
9 | რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით. | 9 | რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა. |