ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეკლესიასტე

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა - და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ.

1

ვთქუ მე გულსა ჩემსა: მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა. და ვიხილე კეთილთა შინა, და ესეცა ამაოვე

2 მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია? 2 სიცილსა ვარქუ: მიმოგანყოფილ, სიხარულსა - რასა ეგე ჰზამ
3 ვიფიქრე, ღვინით დამებანგა ჩემი სხეული, ხოლო გონებას სიბრძნით ეფხიზლა; დავდგომოდი გზას სიბრიყვისას, ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ცისქვეშეთში, სანამ ცოცხლობენ. 3 და განვიზრახევდ გულსა ჩემსა მოზიდვად; ვითარცა ღჳნო გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრემდე ვიხილო, რომელი კეთილ არს ძეთა კაცთათჳს მზესა ამას ქუეშეთ, რიცხჳ ცხორებისაჲ დღეთა მათთა
4 დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი, 4 განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგენ მე სავენაჴენი
5 გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი, 5 ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგენ ხენი მას შინა, ყოველი ნაყოფიერნი
6 წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები, 6 და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი
7 შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში. 7 მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს
8 დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი. 8 შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი
9 განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა. 9 განვდიდენ და შევსძინე უფროს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს და სიბრძნე დამადგრა მე
10 არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა. 10 და ყოველი, რომელი ითხოვეს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან და არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა
11 მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში. 11 და ვიხილე მე ყოველსა ზედა ნაქმარსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე, ყოფა. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა და არა უმეტეს მზესა ქუეშე
12 რადგან რაღა ქმნას ადამიანმა, რომელიც მოვა შემდგომ მეფისა, რომელსაც უკვე ყველაფერი უქმნია ქვეყნად? 12 და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)
13 ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე. 13 და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა
14

ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი ბნელში დავალს. და ვუწყი, მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას.

14

ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა

15 გულს ვუთხარ მაშინ: მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და გულსვე ვუთხარ: ამაოება ყოფილა ესეც. 15 და ვთქუ მე გულსა ჩემსა, ვითარცა იგი შემთხუევაჲ შეემთხჳოსა? და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი მე? ვიტყოდი მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ესეცა ამაოვე არს, რამეთუ უგუნური ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ
16 მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით. 16 და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა
17 და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა. 17 და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის
18 და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემს შემდგომ მოსულს. 18 და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად
19 არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება. 19 და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო
20 და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზისქვეშეთში გამიწევია. 20 და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქვეშე
21 ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება. 21 რამეთუ არს კაცი და შრომაჲ მისი სიმართლითა და სიბრძნით არს, და მეცნიერებით, და სიმჴნით; და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდად
22 მაშ, რაღა რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა? 22 რამეთუ რა სარგებელ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შრომასა შინა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე
23 დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება. 23 რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამეცა არა დაიძინის გულმან მისმან და ესეცა ამაოვე არს
24 კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა. 24 არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს
25 ვინ ჭამს ანუ სვამს, ან განცხრომას ვინ მიეცემა მის გარეშე? 25 ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა
26 ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა. 26 რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა