1 |
ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების -
ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს.
|
1 |
ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და
ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა,
რომელნი მეფობდეს იუდეას.
|
2 |
ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი
ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ. |
2 |
ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი
იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე. |
3 |
ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის
ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს. |
3 |
იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა;
ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო. |
4 |
ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა
მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ
ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ! |
4 |
ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი
ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და
უცხო ექმნენით და განსდექით. |
5 |
სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი
თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. |
5 |
რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი
თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად. |
6 |
ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან
ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი,
მალამოთი დაუამებელი. |
6 |
ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე,
არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი
დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი. |
7 |
მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი
ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და
მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ. |
7 |
ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ,
სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს
გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა. |
8 |
დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც
ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. |
8 |
დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა
შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული. |
9 |
ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ
უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით! |
9 |
და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი,
ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით. |
10 |
ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე
გომორელებო! |
10 |
ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ
შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა. |
11 |
რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი.
გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს
მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! |
11 |
რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე
ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა
მნებავს.
|
12 |
რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?
|
12 |
არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად
ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ? |
13 |
ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის
საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება
და დღესასწაული? |
13 |
უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი
და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა. |
14 |
თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა,
ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. |
14 |
მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე
სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა. |
15 |
ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ
მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! |
15 |
ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ
განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე. |
16 |
განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის
ქმნა. |
16 |
განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა
ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა. |
17 |
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ
ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. |
17 |
ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და
განამართლეთ ქურივი. |
18 |
მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ
იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს,
მატყლის ფთილასავით გახდება. |
18 |
და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი,
ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი
მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. |
19 |
თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; |
19 |
და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ. |
20 |
თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან
უფლის ბაგენი მეტყველებენ. |
20 |
ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი
უფლისაჲ იტყოდა ამათ: |
21 |
როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ,
ახლა კი კაცისმკვლელები არიან.
|
21 |
ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის
შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.
|
22 |
ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია. |
22 |
ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა. |
23 |
შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა
თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს
არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ. |
23 |
მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა
ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ. |
24 |
ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ,
როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე! |
24 |
ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა
ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და
მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო. |
25 |
მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი
ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ. |
25 |
და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი
წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი. |
26 |
მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს
მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი
დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო. |
26 |
დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა
დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ -
სიონ. |
27 |
სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოცეულნი -
სიმართლით! |
27 |
რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა. |
28 |
დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის
მიმტოვებელნი დაიღუპებიან. |
28 |
და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ |
29 |
რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც
შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ. |
29 |
მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და
ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს
მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა, |
30 |
რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით
შეიქნებით. |
30 |
რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე,
არმქონებელი წყლისაჲ. |
31 |
ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე
ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება. |
31 |
და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა
ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს
დამშრეტელ. |