1 |
იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს
მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
|
1 |
მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა
მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა
შინა.
|
2 |
იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: |
2 |
მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა. |
3 |
მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და
ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს. |
3 |
მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ
მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე. |
4 |
რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში
ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. |
4 |
არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად
ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს
ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა. |
5 |
ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი! |
5 |
დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის,
ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა. |
6 |
დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და
ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით. |
6 |
შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და
აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა. |
7 |
თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი
მისთა მხოცელთა ხოცვით? |
7 |
ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა
მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა? |
8 |
უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა
თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს. |
8 |
მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ
ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა
გულისწყრომისათა? |
9 |
ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს
იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს
სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები. |
9 |
ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს
კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი
ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი |
10 |
რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს
და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს
კორტნის. |
10 |
და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი.
დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს
მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი. |
11 |
როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ
ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ
შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს. |
11 |
და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე
განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს
მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან
შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ. |
12 |
იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის
ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. |
12 |
და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით
მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი
თითოეულნი. |
13 |
ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის
ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ
უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში. |
13 |
და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და
მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი
ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს. |