1 |
რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და
სასოს, პურის მთელ სახსარს;
|
1 |
აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა
მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,
|
2 |
ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და
უხუცესს, |
2 |
გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და
წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა |
3 |
ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ
ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს. |
3 |
და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა
ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა. |
4 |
სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ
მათზე. |
4 |
და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი
ეუფლებოდიან მათ. |
5 |
დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი
მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. |
5 |
და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა
მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა
მიმართ, |
6 |
რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში:
სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო. |
6 |
რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა
თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი
ჩვენი შენ ქუეშე იყოს. |
7 |
დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი,
არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად. |
7 |
და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე
თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა
სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის. |
8 |
რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი
სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში. |
8 |
რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და
ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ. |
9 |
მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით
აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს
საკუთარ თავს! |
9 |
მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა
მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და
გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი
ძჳნად თავთა მათთა. |
10 |
უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. |
10 |
და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ
არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ. |
11 |
ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის
ნამოქმედარს! |
11 |
ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა. |
12 |
ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა
დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს! |
12 |
ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ.
ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა
აღაშფოთებენ. |
13 |
წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად. |
13 |
არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი. |
14 |
უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი,
ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.
|
14 |
თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა,
ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?
|
15 |
რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს
მეუფე, ცაბაოთ უფალი. |
15 |
რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი,
მეუფჱ საბაოთ. |
16 |
თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით
მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ. |
16 |
ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა
მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი
და ფერჴებითა თანად მომღერალნი. |
17 |
თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს
გაუშიშვლებს მათ. |
17 |
და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა
მათსა. |
18 |
იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს,
თავსაკრავებს და ყელსაბამებს, |
18 |
მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა
მათსა. |
19 |
საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს, |
19 |
და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა. |
20 |
მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს
და ავგაროზებს, |
20 |
და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა
დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა |
21 |
ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, |
21 |
და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა |
22 |
ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს, |
22 |
და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა
ლაკონიკურთა. |
23 |
სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს. |
23 |
და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა
თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა. |
24 |
სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად
ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად
ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი. |
24 |
და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და
ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად
შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ. |
25 |
შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები
ბრძოლაში დაიხოცებიან. |
25 |
და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი
მახჳლითა დაეცნენ. |
26 |
მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი
მტვერში იჯდება იავარქმნილი. |
26 |
და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და
ქვეყანად მიმართ დაიატაკდე. |