1 |
ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა
მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!
|
1 |
ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და
შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და
მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ.
|
2 |
უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად
გასაჭირში! |
2 |
უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა
წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა. |
3 |
შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და
იფანტებიან ხალხები. |
3 |
ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა
და განითესნეს ნათესავნი. |
4 |
აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი;
დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის. |
4 |
ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით,
ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ. |
5 |
აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო
სიონი სამართლითა და სიმართლით. |
5 |
წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო
სიონი მშჯავრითა და სიმართლითა |
6 |
ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე,
სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე. |
6 |
შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება
თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ;
ესე საუნჯენი სიმართლისანი. |
7 |
აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის
მოციქულნი მწარედ ატირდებიან. |
7 |
აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა
ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი
მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი, |
8 |
გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა,
მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული. |
8 |
რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში
წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად. |
9 |
გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი,
გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა
ფოთოლი. |
9 |
იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა
სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი. |
10 |
ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა
ავიმართები. |
10 |
აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო, |
11 |
თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა,
თქვენივე შემჭმელი. |
11 |
აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა
თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ. |
12 |
საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით
ჩაიწვებიან ცეცხლში. |
12 |
და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი
ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი. |
13 |
გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება!
|
13 |
ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.
|
14 |
შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი;
რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს
მარადიულ სახმილსო? |
14 |
განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების,
ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ? |
15 |
მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით
მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი
სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე - |
15 |
მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე
უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან
დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი
თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ. |
16 |
აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება
მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი. |
16 |
ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა.
პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ. |
17 |
შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში,
დაინახავენ შორეულ ქვეყანას. |
17 |
მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა
შორიელი. |
18 |
შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად
არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი? |
18 |
სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი?
სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი, |
19 |
თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც
არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს. |
19 |
რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე
არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ. |
20 |
შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები
იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის
სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება. |
20 |
აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა
იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა
შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი
არა განირღუენ. |
21 |
რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე
არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ
გაივლის. |
21 |
რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა
იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას
ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე. |
22 |
რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი,
უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ. |
22 |
უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი,
მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან
გუაცხოვნნეს ჩუენ. |
23 |
მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და
ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც
დაიწყებენ ალაფობას. |
23 |
განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი
შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის
არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა. |
24 |
არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში
დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული. |
24 |
და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ
მიეტეოს მათ ცოდვა. |