1 |
მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა
ციხე-ქალაქს და აიღო ისინი.
|
1 |
და იქმნა, ოთხდამეათესა წელსა მეფე-ყოფისა ეზეკიასსა აღმოვიდა სენაქირიმ, მეფე
ასსურასტანელთა, ქალაქთა ზედა იუდეასათა მაგართა და გამოიხუნა იგინი.
|
2 |
გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი
ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე. |
2 |
და მიავლინა მეფემან ასსურასტანელთამან რაფსაკი ლაქისით იერუსალიმად, მეფისა მიმართ
ეზეკიასსა ძალისა თანა მრავლისა და დადგა სლვასა თანა წყლისა საბანელისა ზენაჲსასა,
შორის გზასა აგარაკისა მმურკნველისასა. |
3 |
გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე,
შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე. |
3 |
და გამოვიდა მისდა მიმართ ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და
სომნა მწიგნობარი და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი. |
4 |
უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო
დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? |
4 |
და ჰრქვა მათ რაფსაკმან: თქუთ სადმე ეზეკიას მიმართ, ამათ
იტყჳს მეფე დიდი, მეფე ასსურასტანელთა: ვისსა მოსავ ხარ? |
5 |
გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე
უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი? |
5 |
ნუ განზრახვითა, ანუ სიტყუებითა ბაგეთათა იქმნების
წყობაჲ? და აწ ვისსა მიმართ ესავ, რამეთუ ურჩ ხარ ჩემდა? |
6 |
აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს,
რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,
ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. |
6 |
აჰა, მოსავ ხარ კუერთხისა მიმართ ლელწმისასა, შეფქულისა
ამის ეგჳპტედ მიმართ, რომელსა მი-თუ-ვინ-ეყრდნას მის ზედა, შევიდეს ჴელად
მისსა. ესე არს ფარაო, მეფე ეგჳპტისა, და ყოველნი მოსავნი მისდამი. |
7 |
რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს
ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ
და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო? |
7 |
ხოლო უკეთუ იტყჳთ: ჩემდამო, უფლისა მიმართ ღმრთისა
ჩუენისა ვესავთ; არა იგი არსა, რომელსა მიუხუნა ეზეკიამან მაღალნი მისნი და
საკურთხეველნი მისნი? და ჰრქვა: იუდასა და იერუსალიმს პირისპირ
საკურთხეველისა ამის თაყუანის-ეცი. |
8 |
ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას
ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის. |
8 |
აწ მოუჴედით უფალსა ჩემსა, მეფესა ასსურასტანელთასა, და
მიგცე თქუენ ორათასი ცხენი, უკეთუ შეუძლოთ მიცემად მჴედართა მათ ზედა. |
9 |
აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს
მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? |
9 |
და ვითარ შემძლებელ ხართ გარემიქცევად პირისა მიმართ
ადგილთმთავრისა ერთისა, მრწემებ არიან მოსავნი მეგჳპტელთა მიმართ ცხენისა
და მჴედრისა. |
10 |
მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს
გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო! |
10 |
და აწ ნუ თჳნიერ უფლისა აღმოვედითა სოფელსა ამას ზედა
ბრძოლად ამისსა? უფალმან თქვა ჩემდამო: აღვედ მის ზედა და განხრწენ იგი. |
11 |
მიუგეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე
შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ
ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან. |
11 |
და თქუეს მისდა ელიაკიმ და სომნა და იოახ: ზრახევდ მონათა
მომართ შენთა ასურებრ, რამეთუ გუესმის ჩუენ, და ნუ ჰზრახავ ჩუენდამო
იუდეანებრ. და რად ჰზრახავ ყურებისა მიმართ კაცთა მდგომარეთასა ზღუდესა
ზედა? |
12 |
უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა
ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად
ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.
|
12 |
და თქვა რაფსაკმან მათდამი: ნუ უფლისა მიმართ თქუენისა, ანუ თქუენდა მიმართ
მომავლინა მე უფალმან ჩემმან თქუმად სიტყვათა ამათ, არა კაცთა მომართ მსხდომარეთა
ზღუდეთა ზედა, რაჲთა ჭამონ სკორე მათი და სუან ფსელი მათი თქუენითურთ ერთბამად?
|
13 |
დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა:
ისმინეთ სიტყვა დიდი მეფისა, აშურის მეფისა. |
13 |
და დადგა რაფსაკი და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იუდიანებრ და
თქვა: ისმინენით სიტყვანი მეფისა ასსურასტანელთასანი! |
14 |
ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ
გიხსნით იგი. |
14 |
ამათ იტყჳს მეფე: ნუ გაცთუნებსთ თქუენ იზეკია სიტყუებითა,
რომლითა ვერ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა. |
15 |
ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, გვიხსნის უფალი და არ
ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს. |
15 |
და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია, ვითარმედ: გჳჴსნეს ჩუენ
ღმერთმან და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასათა. |
16 |
ნუ დაუჯერებთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე:
დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და
ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი, |
16 |
ნუ ისმენთ ეზეკიასსა. ამათ იტყჳს მეფე ასსურასტანელთა:
უკეთუ გნებავს ქველმეტყუელების და გამოსლვად ჩემდამო, და ჭამეთ
კაცად-კაცადმან ვვნაჴი თჳსი და ლეღუნი, და სუთ წყალნი ჯურღმულისა თქუენისა, |
17 |
სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ
ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში. |
17 |
ვიდრემდის მოვიდე და მიგიყვანნე თქუენ ქუეყანისა მიმართ,
ვითარცა ქუეყანისა თქუენისა იფქლისა და ღჳნისასა, ქუეყანისა პურისა და
ვენაჴთასა. |
18 |
არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი.
რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? |
18 |
ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია მეტყუელი და გეტყჳნ: ღმერთმან
მიჴსნნეს ჩუენ, ნუ იჴსნნესა ღმერთთა ნათესავთასა თითოეულმან სოფელი თჳსი
ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა? |
19 |
სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან
სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? |
19 |
სადა არს ღმერთი ემათისა და არფათისა, და სადა ღმერთი
ქალაქისა სემფარუემისა? ნუ განარინოს სამარია ჴელისაგან ჩემისა? |
20 |
რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი
ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი? |
20 |
ვინ არს ყოველთა ამათ ღმერთთაგანი, რომელმან განარინა
ქუეყანა თჳსი ჴელისაგან ჩემისა? რამეთუ ღმერთმან თქუენმან იჴსნეს
იერუსალიმი ჴელისაგან ჩემისა? |
21 |
დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან
ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. |
21 |
და დადუმნეს და არა ვინ მიუგო მას სიტყვა ბრძანებისათჳს
მეფისა არას მიგებად მისსა. |
22 |
მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა
მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით
და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები. |
22 |
და შევიდა ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი
ძალისა და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი, მომბძარველნი სამოსელთანი,
ეზეკიას მიმართ და მიუთხრნეს მას სიტყუანი რაფსაკისნი. |