1 |
იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე,
წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან
მოკვდები, ვერ გადარჩებიო.
|
1 |
და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა
ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე
სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.
|
2 |
კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: |
2 |
და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ, |
3 |
უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს
წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. |
3 |
მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე
წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი
წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა. |
4 |
იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: |
4 |
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი: |
5 |
წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი,
დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი
და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს. |
5 |
ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი
დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი.
აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი. |
6 |
დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და
დავიფარავ ამ ქალაქს. |
6 |
და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და
მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო. |
7 |
ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს
უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: |
7 |
ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს
უფალმან სიტყვა ესე. |
8 |
აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც
უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით
საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა. |
8 |
აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე
ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და
აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი. |
9 |
წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როცა სნეული იყო და
განიკურნა სნეულებისგან: |
9 |
ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა: |
10 |
ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების
შუაძალზე, წამერთვა-მეთქი დარჩომილი წლები; |
10 |
მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა
მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი. |
11 |
ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა
ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის; |
11 |
ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ
ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა
თანა. |
12 |
აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი
სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
|
12 |
მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და
წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა,
ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.
|
13 |
დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან
ღამემდე ბოლოს მიღებდი. |
13 |
მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა,
ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი, |
14 |
როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით
მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა,
მიშველე-მეთქი! |
14 |
რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა
მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ
მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან
განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა. |
15 |
რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ
ჩემს წლებს. |
15 |
რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ
მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი. |
16 |
უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის
სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე. |
16 |
უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება
ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი. |
17 |
აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე
ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი
ცოდვები. |
17 |
აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა,
რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი, |
18 |
რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს
დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი. |
18 |
რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა
მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა
შენსა. |
19 |
ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე
დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს. |
19 |
ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ
დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა. |
20 |
უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს
მთელი სიცოცხლე უფლის სახლში. |
20 |
უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე
მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა
წინაშე სახლისა ღმრთისა. |
21 |
თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და
მორჩება. |
21 |
და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და
დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ
აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა? |
22 |
თქვა ხიზკიაჰუმ: რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ
უფლის სახლში ასვლას? |
|
|