1 |
ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი.
|
1 |
ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, _ იტყჳს უფალი.
|
2 |
მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია
მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის. |
2 |
მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე
მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი
ცოდვანი მისნი. |
3 |
ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა,
მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! |
3 |
ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა
უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი. |
4 |
ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი
დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. |
4 |
ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს,
და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად. |
5 |
გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად
იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს. |
5 |
და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან
მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა: |
6 |
ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი
ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი. |
6 |
ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო?
ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. |
7 |
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს
მას. ასეა, ბალახია ხალხი. |
7 |
განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან
უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე. |
8 |
გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი
დგას საუკუნოდ. |
8 |
განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა
ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე. |
9 |
ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი
ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას
ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი! |
9 |
მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე
ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით
მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი. |
10 |
აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი
მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო. |
10 |
აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს
და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე
მისსა, |
11 |
როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს
და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
|
11 |
ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს
კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს.
|
12 |
ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის
გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და
მთაგრეხილები - პინებზე? |
12 |
ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი
ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა? |
13 |
ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი
რჩევით? |
13 |
ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა
იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი? |
14 |
ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას
სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა? |
14 |
ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ
უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ
წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას? |
15 |
აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და
ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს! |
15 |
უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან,
და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ. |
16 |
ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ
მსხვერპლად! |
16 |
ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი
ვერ კმა ყოვლად დასაწუველად. |
17 |
ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ
შეირაცხებიან მის თვალში. |
17 |
და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა
სადმე შეირაცხნეს. |
18 |
ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ
გვერდით? |
18 |
ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ
იგი? |
19 |
ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი
დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. |
19 |
ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან,
გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი, |
20 |
ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და
ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს. |
20 |
რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით
ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის, |
21 |
ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ
ქვეყნის დაფუძნებიდან?
|
21 |
არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ
საფუძველნი ქუეყანისანი?
|
22 |
ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან;
გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. |
22 |
რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი
მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და
გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად, |
23 |
არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის
მსაჯულებს. |
23 |
რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო
ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა, |
24 |
ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში
ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი
ქარიშხალმა. |
24 |
რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ
განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და
ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი. |
25 |
ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. |
25 |
აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ, |
26 |
ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი?
მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს
მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს. |
26 |
აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ,
ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან.
ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა,
არარა შეგცილდა შენ, |
27 |
რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ,
დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი? |
27 |
რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა
გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და
განმეშორა. |
28 |
განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი,
ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი
განგება. |
28 |
და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე,
ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა
დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა, |
29 |
ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. |
29 |
მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა, |
30 |
იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები
ემხობიან. |
30 |
რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და
რჩეულნი უძალო იყვნენ, |
31 |
უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან
ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან. |
31 |
ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ
იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ
შეემშიოს. |