1 |
ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ
გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.
|
1 |
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა
შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ
შენ.
|
2 |
როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში
შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება. |
2 |
და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და
უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ, |
3 |
რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი
მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს
სანაცვლოდ. |
3 |
რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა,
მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ
წილ. |
4 |
რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული
ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი
სულისათვის. |
4 |
ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე
შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ
შენისა. |
5 |
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან
შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ. |
5 |
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან
მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ. |
6 |
ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო!
მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან. |
6 |
ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ,
მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი
მწუერვალისაგან ქუეყანისასა, |
7 |
ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი
დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე. |
7 |
ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ
დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი. |
8 |
გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა
ყურთა მქონებელნი. |
8 |
და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ
იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი. |
9 |
ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ
გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ
მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! |
9 |
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი
მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ?
მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. |
10 |
თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი
მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი,
მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს
შემდეგაც არ იქნება. |
10 |
მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი
ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და
გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და
შემდგომად ჩემსა არა იყოს. |
11 |
მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! |
11 |
მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. |
12 |
მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს
შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი
ვარ. |
12 |
მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ
შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. |
13 |
დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი
ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? |
13 |
და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს,
რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. |
14 |
ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა:
თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და
ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ. |
14 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ
ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი
და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ. |
15 |
მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
|
15 |
მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი.
|
16 |
ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა
ბობოქარ წყლებში; |
16 |
ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და
წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი, |
17 |
ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა
გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ. |
17 |
გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა:
არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი. |
18 |
ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ. |
18 |
ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ
ჰგულისსიტყუავთ. |
19 |
აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ
შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს. |
19 |
აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო
უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი. |
20 |
პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და
სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ
დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული. |
20 |
მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი
სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა
სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა, |
21 |
ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის. |
21 |
ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა
მიუთხრობდით. |
22 |
შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ,
ისრაელ! |
22 |
და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ,
ისრაჱლ! |
23 |
არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ
გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის
კმევით. |
23 |
არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი,
არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ,
არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ, |
24 |
არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ
გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და
მღლიდი შენი დანაშაულებით. |
24 |
არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა
მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და
უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ. |
25 |
მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი
გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი. |
25 |
მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და
ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე. |
26 |
გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი
გაიმართლო. |
26 |
ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ
უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე. |
27 |
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები
ამიჯანყდნენ მე. |
27 |
მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს
ჩემდამო, |
28 |
ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად
გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად. |
28 |
და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი
წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად. |