1 |
ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა
ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
|
1 |
შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა
არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი
და შუებული.
|
2 |
აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე
წვივები და გადადი მდინარეებზე. |
2 |
მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი,
გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა. |
3 |
გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი.
შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს. |
3 |
გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი,
სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა. |
4 |
ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის
წმიდაა. |
4 |
მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ
ისრაილისა. |
5 |
იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან
აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი. |
5 |
დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა,
არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა. |
6 |
განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი
წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით,
მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი. |
6 |
განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი.
მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა,
მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად, |
7 |
შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ
გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე. |
7 |
და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ
ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი. |
8 |
ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და
გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და
არც შვილმკვდარი ვიქნებიო. |
8 |
ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით,
მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე
ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე. |
9 |
მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა
და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი
გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები. |
9 |
ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა:
უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ
შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა. |
10 |
შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: არავინ არის ჩემი
დამნახავიო. შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: მე ვარ და
ჩემს მეტი არავინ არისო. |
10 |
ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ:
მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და
სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს
სხუაჲ, |
11 |
გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი
დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ. |
11 |
და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი
და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს
წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა. |
12 |
იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე,
რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე. |
12 |
დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა
შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა. |
13 |
დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა
მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან
მოწევნადისგან! |
13 |
უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა
შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა
ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა. |
14 |
აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი
თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი
მის წინ დასაჯდომად! |
14 |
აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ
და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი
დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა. |
15 |
ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და
სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი
მშველელი კი არავინ იქნება. |
15 |
და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით
თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ. |