1 |
იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება,
მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.
|
1 |
იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი
აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს
მართალი.
|
2 |
ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი. |
2 |
იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან. |
3 |
ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა
თესლო! |
3 |
ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო
მემრუშისა და მეძვისანო! |
4 |
ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი?
ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის
თესლი? |
4 |
ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი?
და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი
წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი, |
5 |
რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის
ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში? |
5 |
რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა,
დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა, |
6 |
რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი,
სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს
დამშვიდებით? |
6 |
ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა
სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა.
ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, - |
7 |
მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი
ახვედი მსხვერპლის შესაწირად. |
7 |
მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი
და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი. |
8 |
კარსა და წყრთილებს უკან დაგისვამს შენი ნიშნები, რადგან
ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი
შეჰკარი მათთან, შეიყვარე მათი საწოლი კაცობის შემყურემ. |
8 |
და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი
შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს.
შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა. |
9 |
წახვედი მეფესთან ზეთნაცხები, გაიუხვე ნელსაცხებლები,
შორიდან აგზავნი მოციქულებს, ქვესკნელამდე დაიმდაბლე თავი. |
9 |
და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ
მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე
ჯოჯოხეთამდე. |
10 |
დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო.
სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ. |
10 |
მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე.
განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე. |
11 |
ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ
გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი,
იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში. |
11 |
შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ
მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის
შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე. |
12 |
მე გიცხადებდი შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ
სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის. |
12 |
და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.
|
13 |
როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად
აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს. ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს
წმიდა მთას დაეპატრონება.
|
13 |
ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ
ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო
შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი. |
14 |
თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ
ბორკილი ჩემი ხალხის გზას! |
14 |
და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ
საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა. |
15 |
რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და
წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ
ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და
ცხოველვყო ტანჯულთა გული. |
15 |
ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული,
საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის
განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი
ცხორებისა შემუსრვილთა გულითა. |
16 |
რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ
ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და
სამშვინველნი მე შევქმენი. |
16 |
არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად
განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე
შევქმენ. |
17 |
მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი,
სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მადიოდა თავისი გულის
გზით. |
17 |
ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და
მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა,
გზათა შორის გულისა მისისათა. |
18 |
მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და
მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ. |
18 |
გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც
მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ. |
19 |
და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა
შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას. |
19 |
დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს
და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი. |
20 |
ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ
წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს. |
20 |
ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ
იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ. |
21 |
არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის. |
21 |
არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი. |