1 |
მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ
ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია
ჩემი სახელი.
|
1 |
საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა
ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა.
|
2 |
დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი
ზრახვების კვალზე; |
2 |
განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა,
რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა. |
3 |
ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს
ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს. |
3 |
ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი
აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა |
4 |
დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს,
ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში. |
4 |
ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა
შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა
ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი |
5 |
ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო!
ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს. |
5 |
რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ
წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის
შორის ყოველთა დღეთა. |
6 |
აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე
საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს. |
6 |
აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა
მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა |
7 |
მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის
ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და
გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს. |
7 |
ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს
უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე;
კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა. |
8 |
ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება,
ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს
მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო. |
8 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა
შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის,
ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი, |
9 |
გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების
მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და
დასახლდებიან იქ. |
9 |
და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და
დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა
და დაეშენნენ მუნ. |
10 |
გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა -
საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის. |
10 |
და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი
აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე. |
11 |
თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის
დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო, |
11 |
ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა
წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი
ბედისათჳს განზავებულისანი, |
12 |
სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ,
რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს
სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით. |
12 |
მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა
დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და
ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით. |
13 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან
ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი
მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი
შერცხვებით! |
13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის.
აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი
იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის.
|
14 |
აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და
ივალალებთ სულგამწარებულნი!
|
14 |
აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ
ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა
ჰვაებდეთ. |
15 |
დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს,
მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს. |
15 |
რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა,
ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, |
16 |
ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების
ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე,
ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული
სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება. |
16 |
რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა
ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ
დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა, |
17 |
რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ
გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. |
17 |
რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა
მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა, |
18 |
მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე,
რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. |
18 |
არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ,
აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად. |
19 |
მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი
ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. |
19 |
და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა
ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა. |
20 |
არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის
დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი,
ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება. |
20 |
არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა
აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს
ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს. |
21 |
ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ
ნაყოფს შეჭამენ. |
21 |
და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ
ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა. |
22 |
არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის
შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე
გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. |
22 |
და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ,
და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა
იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ, |
23 |
ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ
შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი
შთამომავალნი მათთანავე იქნებიან. |
23 |
რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა
შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და
შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ. |
24 |
ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე
ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე. |
24 |
და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო
მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს? |
25 |
მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით
შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც
რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი. |
25 |
მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა
ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ,
არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი. |