ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2 ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარძეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა. 2 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა ზედა ისრაჱლისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ, და ჰრქუა წინაწარმეტყუელთა რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით: წინაწარმეტყუელებდე და სთქუა მათდამი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ!
3 ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ! 3 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!
4 ნაოხარ ადგილებში რომ მელიები არიან, იმას გვანან შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო! 4 ვითარცა მელნი ნაოჴართა შინა, იქმნნეს წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.
5 ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს. 5 არა დადგეს სიმყარესა ზედა და შეკრბეს სამწყსოჲ სახლსა შინა ისრაჱლისასა; არა აღდგეს დღესა შინა ბრძოლისასა მეტყუელნი დღესა შინა უფლისასა,
6 მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა. 6 მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; და იწყეს აღდგინებად სიტყჳსა.
7 განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს? 7 არა ხილვა ცრუჲ იხილეთა და მისნობანი ამაონი სთქუენით? და სთქუთ: იტყჳს უფალი; და მე არა მეთქუა.
8 ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი. 8 ამისთჳს არქუ, - ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ სიტყუანი თქუენნი ცრუ და მისნობანი თქუენნი ამაოებ, ამისთჳს მე თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაჲ უფალი,
9 იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ. 9 - და განვყო ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა ზედა, მხედველთა ცრუჲსათა და აღმომჴმობელთა ამაოთასა სწავლასა შინა ერისა ჩემისასა; არა იყუნენ, არცა შთაწერათა შინა სახლისა ისრაილისათა შთაიწერნენ და ქუეყანად ისრაილისა არა შევიდენ და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.
10 სწორედ იმის გამო, რომ აცთუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ. 10 მის წილ, რამეთუ შეაცთუნეს ერი ჩემი, მეტყუელთა: მშჳდობა, მშჳდობა და არა იყო მშჳდობა; და ესე აშენებს კედელსა, და იგინი ჰგოზდეს მას, უკუეთუ დაეცა,
11 უთხარი მლესავთ, ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. წამოვა თავსხმა და, თქვენ, ყინულის ქვებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი ამოვარდება. 11 თქუეს მგოზელთა მიმართ მისთა, ვითარმედ: დაეცა. და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი და მივსცნე ლოდნი კლდისსასროლნი, საკრველისშინათა მათთა დაეცნენ და სული აღმღებელი მოვიდეს და განიბძაროს.
12 აჰა, დაეცა კედელი. ხომ გეტყვიან, სად არის ბათქაში, რომლითაც შელესეთო? 12

და, აჰა, დაეცა ზღუდე; და არა თქუან თქუენდამო: სადა არს საგოზელი თქუენი, რომელი სცხეთ?

13

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.

13 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მოვსცე ქარი აღმღებელი გულისწყრომითა ჩემითა და წჳმაჲ წარმარღუნელი იყოს რისხვითა ჩემითა და ლოდნი კლდისსასროლნი გულისწყრომით მოვაწინე მოსასრულებლად.
14 დავანგრევ კედელს, თქვენ რომ შელესეთ, მიწასთან გავასწორებ და გაშიშვლდება მისი საძირკველი; დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 14 და აღმოვჴუარდო ზღუდე, რომელსა სცხეთ, და დაეცეს და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდენ საფუძველნი მისნი, და დაეცნენ და მოჰსრულდეთ მხილებითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ ადონაი უფალი.
15 კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი; 15 და შევასრულო რისხვაჲ ჩემი ზღუდესა ზედა და მომგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს. და ვთქუ თქუენდამი: არა არს ზღუდე, არცა მგოზელნი მისნი,
16 აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი. 16 წინაწარმეტყუელნი ისრაილისანი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს იერუსალჱმსა ზედა, და მხილველნი მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა არს, - იტყჳს ადონაი უფალი.
17 შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე. 17 და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.
18 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელს სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ? 18 და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი; ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა და ჰყოფენ სადგმელებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა; სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი და სულთა იღუწიდეს.
19 შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს. 19 და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისათჳს ქრთილთაჲსა და ნატეხისათჳს პურისა მოკლვითა სულთაჲთა, რომელთა არ ჯერ-იყო მოკლვაჲ, და ღუწითა სულთათა, რომელთაჲ არ ჯერ-იყო სიცოცხლე, თქუმასა შინა თქუენგან ერისა მსმენელისა ცუდთა ჴმა-ყოფათაჲსა.
20 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ. 20 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად.
21 დავგლეჯ მაგ თქვენს დასაბურავებს და დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში ნანადირევად და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 21 და განვხეთქო სადგმელები თქუენი და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არღა მერმე იყვნენ ჴელთა შინა თქუენთა მიმოსაქცეველად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.
22 რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო. 22 მის წილ, რომელ გარდააქციეთ გული მართლისაჲ უსამართლოდ, და მე არა გარდამექცია იგი, და განაძლიერებდით ჴელთა უსჯულოჲსათა ყოვლითურთ არა მოქცევად მისსა გზისაგან მისისა უკეთურისა და ცხოვნებად მისსა,
23 ამის გამო ვეღარ იხილავთ ფუჭ ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ; დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ უფალი ვარ! 23 ამისთჳს ტყუილით ხილვაჲ არა იხილოთ და მისნობათა არღა იმისნებდეთ მერმე; და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელისაგან თქვენისა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.