1 |
მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
|
1 |
წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ
უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
|
2 |
ადამის ძევ! მიმართე პირი ფარაონისკენ, ეგვიპტის
მეფისკენ, და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს. |
2 |
ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა
ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა, |
3 |
ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო,
ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია
ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო. |
3 |
იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო
ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი
არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი. |
4 |
ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს
ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა
თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული. |
4 |
და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი
მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის
მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა
აღეწებნენ. |
5 |
მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და
ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის
ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად. |
5 |
და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი
მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე,
და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა
ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად. |
6 |
მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ,
რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის. |
6 |
და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე
ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა. |
7 |
როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ
მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ. |
7 |
ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს
ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა,
შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი. |
8 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე
მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს. |
8 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ
ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა. |
9 |
გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და
მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო. |
9 |
და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და
მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან:
მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი, |
10 |
ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ
ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის
საზღვრამდე. |
10 |
ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა
შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან
და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა. |
11 |
არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ
მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება. |
11 |
არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს
იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.
|
12 |
უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს
შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ
ქვეყანათა შორის.
|
12 |
და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი
მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და
განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. |
13 |
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს
შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული. |
13 |
ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა
შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ. |
14 |
დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის
ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ. |
14 |
და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი
პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ
სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა. |
15 |
სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება
ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს. |
15 |
და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და
შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის. |
16 |
აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს
ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი
ვარ. |
16 |
და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად,
აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და
ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი. |
17 |
ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის
სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი. |
17 |
და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა
სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
18 |
ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე
სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი
გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას,
არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა. |
18 |
ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან
დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და
ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა
ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა. |
19 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ
ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი
დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო. |
19 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე
ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე
მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს
სასყიდელ ძალისა მისისა. |
20 |
მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის
ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი. |
20 |
მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა,
მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი,
უფალი: |
21 |
იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ
შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. |
21 |
მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა
ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე
ვარ უფალი. |