ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.

1

და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა.

2 შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო. 2 და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი.
3 მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. 3 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი.
4 მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! 4 და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ!
5 ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. 5 ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ.
6 მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 6 და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.
7 ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. 7 და ვსწინაწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვა და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.
8 დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის 8 და ვიხილე და, აჰა, ზედდაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის.
9 მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. 9 და თქვა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ.
10 მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი. 10 და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად.
11 მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო. 11

და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით.

12 ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე. 12 ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაილისა.
13 მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. 13 და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო,
14 ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი. 14 და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე, უფალი, ვიტყოდე და ვყო, - იტყჳს ადონაი უფალი.
15

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

15 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
16 შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის; 16 და ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ და კუერთხი მეორე მოიღე თავისა შენისად, და დასწერო მას იოსებ, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისდამი.
17 ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში. 17 და შეაყვნე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა.
18 როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო? 18 და იყო, ოდეს იტყოდიან შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი?
19 უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს, რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს, გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი იქნება ჩემს ხელში. 19 და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდასსა.
20 როცა ეს ხეები, რომლებზეც წააწერე, შენს ხელში იქნება შენს თვალწინ. 20 და იყუნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა.
21 უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გამოვიყვან ისრაელიანებს ხალხებიდან, რომლებთანაც არიან წასული, გამოვკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე, 21

და ჰრქუა მათ: ამათ იტყვის ადონაი უფალი აჰა, მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაილისა.

22 ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან. 22 და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა და მთათა შორის ისრაჱლისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ.
23 აღარ გაუწმიდურდებიან თავიანთი კერპებით და სისაძაგლეებით, არანაირი დანაშაულით, და ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ; გავწმედ მათ და ერად მეყოლება ისინი, მე კი მათი ღმერთი ვიქნები. 23 რაჲთა არ შეიგინებოდიან მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად.
24 ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ. 24 და მონაჲ ჩემი დავით მთავარი შორის მათსა. და მწყემსი ვრთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ.
25 იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე. 25 და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳრნენ მას ზედა იგინი და ძენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით, მონაჲ ჩემი, მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე.
26 დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვდრებ მათ და გავამრავლებ, მათ შორის დავდგამ ჩემს საწმიდარს საუკენოდ. 26 და აღუთქუა მათ აღთქმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა, და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი, და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ.
27 იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან. 27 და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
28 მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის. 28 და ცნან წარმართთა, ვითარმედ მვ ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე.