1 |
ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
|
1 |
აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.
|
2 |
რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის
სახლისა. |
2 |
რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა
ჩუენისათა. |
3 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის
სახელს, რადგან სასურველია. |
3 |
აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით
სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; |
4 |
რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი -
თავის წარჩინებულად. |
4 |
რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი -
საბრძანებელად თჳსად. |
5 |
რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა
ღმერთზე დიდია. |
5 |
რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და
უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; |
6 |
ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და
ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. |
6 |
ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და
ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; |
7 |
ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად
აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. |
7 |
აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი
წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; |
8 |
რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან
პირუტყვამდე. |
8 |
რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან
მიპირუტყუთამდე; |
9 |
მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის,
ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე. |
9 |
გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე,
ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; |
10 |
რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი - |
10 |
რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი
ძლიერნი: |
11 |
სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და
ყველა სამეფო ქანაანისა. |
11 |
სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და
ყოველნი მეფენი ქანანისანი; |
12 |
და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
|
12 |
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.
|
13 |
უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი
თაობიდან თაობამდეა. |
13 |
უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი
თესლითი თესლადმე. |
14 |
რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ
შეივრდომებს. |
14 |
რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა
ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. |
15 |
ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. |
15 |
კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა
კაცისანი. |
16 |
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ
ხედავენ. |
16 |
პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ, |
17 |
ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ
პირებს. |
17 |
ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა
მათსა. |
18 |
მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც
მათზეა მინდობილი. |
18 |
ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ
მას |
19 |
ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო,
აკურთხეთ უფალი! |
19 |
სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი
აკურთხევდით უფალსა, |
20 |
ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ
უფალი! |
20 |
სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი
აკურთხევდით უფალსა. |
21 |
კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში.
ადიდეთ უფალი! |
21 |
კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს
იერუსალჱმს. |