ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. |
1 |
ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი; |
2 | მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს. | 2 | დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა. |
3 | დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა. | 3 | დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა. |
4 | სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. | 4 | ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა. |
5 | როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? | 5 | ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი? |
6 | გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ. | 6 | მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს; |
7 | რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. | 7 | რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს. |
8 | ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით. | 8 | ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. |
9 | დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის. | 9 | შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს. |
10 | რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა. | 10 | ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია. |
11 | მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს. | 11 | შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. |
12 | დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო. | 12 | მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. |
13 | ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას. | 13 | ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა. |