1 |
როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს,
შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,
|
1 |
და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა,
და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.
|
2 |
და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე
ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით, |
2 |
და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ,
რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა. |
3 |
აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს,
ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას
ქვეყანაში. |
3 |
ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და
ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა,
რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ. |
4 |
ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, ზღვის
ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით. |
4 |
და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა
ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად
ფრიად. |
5 |
შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს
მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ. |
5 |
და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და
დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა. |
6 |
უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ
დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები
გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები. |
6 |
და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა,
რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.
ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა. |
7 |
მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის
წყლებთან და დაესხა თავს. |
7 |
და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას
მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა. |
8 |
ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და
სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე,
აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ. |
8 |
და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და
მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და
ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა
დაუტევეს მათგანი განრინებული. |
9 |
ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს
ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები. |
9 |
და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა
მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა. |
10 |
მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით
განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო. |
10 |
და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური
მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ. |
11 |
მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ.
ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს. |
11 |
და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა
დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა |
12 |
ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ
და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის
მორჩილს, მოსეს. |
12 |
და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო
და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო
მონამან უფლისამან მოსე. |
13 |
ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს,
ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ.
|
13 |
ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ
იგი მოწუა ისო.
|
14 |
ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის
ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად
ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ. |
14 |
და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა
ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა
მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი. |
15 |
როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე
უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო: ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია
იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
15 |
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე
ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ
ამცნო უფალმან ისოს. |
16 |
დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები,
გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი. |
16 |
და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი
ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა, |
17 |
ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე
ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა. |
17 |
და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ
აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა.
და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი. |
18 |
დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს. |
18 |
და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ
ბრძოლად. |
19 |
არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს,
ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს. |
19 |
და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა,
ყოველი დაიპყრა ბრძოლით. |
20 |
რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან
საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის
შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს. |
20 |
რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული
მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა
წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს. |
21 |
იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში,
ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ. |
21 |
და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს
აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან
საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო. |
22 |
გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ
ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ. |
22 |
არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან
ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს. |
23 |
დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი
მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის
დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ. |
23 |
და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან
მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა
და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან. |