1 |
აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
|
1 |
აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა. |
2 |
რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა
ზესკნელიდან? |
2 |
და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი
უნაკლულოჲ მაღლით გამო. |
3 |
განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი
ბოროტმოქმედისთვის? |
3 |
ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი
იქმან უსჯულოებასა. |
4 |
განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს
ნაბიჯს? |
4 |
ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი
ჩემნი აღრაცხნეს? |
5 |
თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი, |
5 |
უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა
ფერჴმან ჩემმან ზაკუასა? |
6 |
ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი
უმწიკვლოება; |
6 |
რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან
უმანკოებაჲ ჩემი. |
7 |
თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს
აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, |
7 |
უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა,
გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე
ქრთამსა? |
8 |
მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი
მონაგარი! |
8 |
მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა
ზედა. |
9 |
თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი
მეზობლის კართან მეთვალთვალოს, |
9 |
უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ
და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა? |
10 |
მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ
მასზე! |
10 |
სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი
დამდაბლდენ, |
11 |
რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული; |
11 |
რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ
ქმრისცოლისაჲ. |
12 |
რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო
გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს. |
12 |
რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა
ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა, |
13 |
თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის
სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, |
13 |
ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა
ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე? |
14 |
რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა
ვუპასუხო? |
14 |
რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი?
გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო? |
15 |
განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა
ერთმა არ გამოგვსახა საშოში? |
15 |
ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა?
ვიყუენით მასვე შინა მუცელსა. |
16 |
თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით
დამექანცოს?
|
16 |
უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა
დავაურვენ.
|
17 |
ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან
ერთად? |
17 |
აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც, |
18 |
(რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც
მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი). |
18 |
რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და
დედის მუცლითგან უძღოდე მათ. |
19 |
თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ
და საპყარი უმოსასხამოდ, |
19 |
ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა
შევმოსე? |
20 |
და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი
ცხვრის მონაპარსით? |
20 |
უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა
ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი. |
21 |
თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა
მხარდაჭერის მოიმედეს? |
21 |
ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით,
ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა? |
22 |
ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს
მკლავი! |
22 |
წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი
იდაყჳთგან შეიმუსრენ, |
23 |
რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ
გავუძლებდი. |
23 |
რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა
ვერ დაუთმო. |
24 |
თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს
იმედად დამესახოს! |
24 |
გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა
პატიოსანთა ვესევდ? |
25 |
თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი
მოიხვეჭა ჩემმა ხელმა! |
25 |
ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ
ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი? |
26 |
თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად
მოარული მთვარისა |
26 |
ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა
აღსავსესა და მოკლებულსა? |
27 |
იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი
ხელისთვის! |
27 |
რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული
ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე? |
28 |
ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის
უარმყოფელი ვიქნებოდი. |
28 |
და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე
წინაშე უფლისა მაღლისა. |
29 |
თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და
მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე! |
29 |
ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა
გულმან ჩემმან: ვაშა? |
30 |
არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა
მისთვის სიცოცხლე. |
30 |
ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ
ერისაგან ძჳრ-ძჳრად. |
31 |
თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?
|
31 |
უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან
მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე.
|
32 |
მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა
მგზავრისათვის. |
32 |
გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი
ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო. |
33 |
თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ
საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული! |
33 |
გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი? |
34 |
რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი
მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი. |
34 |
რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა,
ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად
წიაღითა ცალიერითა? |
35 |
ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს
ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ. |
35 |
ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა
ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა, |
36 |
ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი! |
36 |
მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და
აღმოვიკითხე. |
37 |
გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე,
მივეახლებოდი. |
37 |
და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო
თანამდებისაგან. |
38 |
თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი
ხნული ატირებულიყოს, |
38 |
არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ
ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად? |
39 |
თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი
შემეწუხებინოს, |
39 |
გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ
და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე? |
40 |
ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად
ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები. |
40 |
იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ
მაყუალი. |