1 |
მიუგო იობმა და თქვა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
2 |
ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს
ადამიანი ღმერთს? |
2 |
ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს
კაცი მართალი წინაშე უფლისა? |
3 |
თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს
პასუხს. |
3 |
დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა
არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან, |
4 |
გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და
მრთელი დარჩენილა? |
4 |
რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე
ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო? |
5 |
მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი
თავისი რისხვით; |
5 |
რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან
დააქცინის იგინი რისხვითა. |
6 |
მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი
სვეტები; |
6 |
რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი
იძრვიედ. |
7 |
ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება; |
7 |
რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა
ზედა დაჰბეჭდოს. |
8 |
მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე; |
8 |
რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა
ზედა, ვითარცა ჴმელსა. |
9 |
მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის
პალატები, |
9 |
რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და
ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ. |
10 |
მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი. |
10 |
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და
საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ. |
11 |
აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და
ვერ შევამჩნევ; |
11 |
უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ
თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა. |
12 |
აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას
აკეთებ? |
12 |
უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ? |
13 |
ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი. |
13 |
რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა
ქუეშე. |
14 |
როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი? |
14 |
უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი? |
15 |
მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს. |
15 |
ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი. |
16 |
თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა. |
16 |
უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი. |
17 |
გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს; |
17 |
ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად. |
18 |
სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით; |
18 |
არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა, |
19 |
თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
|
19 |
და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს? |
20 |
მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო,
გამაშავებენ. |
20 |
დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე
გამოვჩნდე? |
21 |
უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა. |
21 |
უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ
ჩემი. |
22 |
სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი. |
22 |
ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან. |
23 |
როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი. |
23 |
რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი
საცინელ იქმნეს. |
24 |
ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა
არის? |
24 |
მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა,
იგივე თავადი არს? |
25 |
ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ; |
25 |
ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს. |
26 |
მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის. |
26 |
ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა? |
27 |
თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი, |
27 |
დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე. |
28 |
მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ. |
28 |
და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე. |
29 |
მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ? |
29 |
და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი? |
30 |
თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები, |
30 |
გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა |
31 |
მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი; |
31 |
დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან, |
32 |
რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ
სამსჯავროში. |
32 |
რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად
სასჯელად. |
33 |
არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი. |
33 |
იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა, |
34 |
გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი! |
34 |
განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე. |
35 |
მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან. |
35 |
და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე. |