1 |
იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონას მიმართ მეორედ მეტყუელი: |
2 |
ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე
საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი. |
2 |
აღდეგ და წარვედ ნინევად ქალაქად დიდად, და ქადაგე მას
შინა ქადაგებისაებრ წინასწარისა, რომელი მე ვთქუ შენდამი. |
3 |
ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა.
დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი. |
3 |
და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან.
ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა
დღეთასა. |
4 |
იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა:
კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე. |
4 |
და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა
ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს. |
5 |
იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და
დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. |
5 |
დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს
მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა. |
6 |
შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა,
შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. |
6 |
და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა
საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა
ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა, |
7 |
გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების
ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ
მოძოვოს, არც წყალი დალიოს. |
7 |
და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და
დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და
ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ. |
8 |
ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით
შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი
ხელი აქვთ გარეული. |
8 |
და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს
ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა
და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა: |
9 |
ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! |
9 |
ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს. და
მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ? |
10 |
შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა
და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო. |
10 |
და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოაქციეს გზათაგან მათთა ბოროტთა და
შეინანა ღმერთმან სიბოროტესა ზედა, რომელი თქუა ყოფად მათდა და არა უყო. |