ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ივდითი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად.

1

და უბრძანა შეყვანებაჲ მისი, სადა-იგი დაიდებოდა ვეცხლი მისი. და ამცნო დარეცა მისი მუნ. და მისცემდა მას სანოაგეთაგან მისთა და ღჳნისა მისისაგან სუმად.

2 თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ. 2 და თქუა ივდით: არა ვჭამო მათგანი, არც ვსუა, რათა არა მექმნეს მე საცთურ, არამედ რომელ-ესე მომიღებიეს, მეყოფის მე.
3 უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა. 3 და ჰრქუა მას ჰოლომფორე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა.
4 მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს. 4 და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი იზრახა. და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორესთა კარავად და დაიძინა ვიდრე შუაღამემსე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა.
5 შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა 5 და მიავლინა ჰოლომფორესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩუენმან მჴევალსა თჳსსა განსლვად სალოცავად.
6 და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს. 6 და უბრძანა ჰოლომფორე მცველთა მათ თჳსთა არა ყენებად მისა. და იყოფოდა ბანაკსა შინა სამ დღე.
7 უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა. 7 და განვიდის ღამედ და ღამედ ჴევსა მას ბეტულასასა და იბანებინ წყაროსა მას წყლისასა, ვითარცა წეს იყო ურიათა.
8 როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად. 8 ვითარცა აღმოვიდის განბანილი, ევედრებინ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რათა წარემართოს მას გზასა მისსა აღსამაღლებელად ძეთა ერისა მისისა ისრაჱლისათა.
9 ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა. 9 შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი.
10 მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო. 10 და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა.
11

უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას.

   
12 სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც. 11 აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ.
13 გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან. 12 და განვიდა გაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩუენისა. რათა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღჳნო. და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა?
14 მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს. 13 და ჰრქუა მას ივდით: და ვინ ვარ მე სიტყჳსმგებელ უფლისა ჩემისა?
    14 რამეთუ ყოველი, რომელი სათნო არს წინაშე თუალთა მისთა, სწრაფით ვყო. და იყოს ესე ჩემდა სიხარულ, ვიდრე დღედმდე სიკუდილისა ჩემისა.
15 ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო. 15 აღდგა და შეიმოსა სამოსელი მისი და ყოველი სამკაული დედათა. და წარუძღვა მჴევალი იგი თჳსი ჰოლომფორესსა. შევიდა და დაჯდა ივდით.
16 შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად. 16 და განკრთა გული ჰოლომფორესი მის ზედა და აღიძრა სული მისი და გული უთქმიდა მას ფრიად თანაყოფისა მისთჳს და იმარჯვებდა ჟამსა, რათამცა აცთუნა, რომლითა დღითა იხილა იგი.
17 უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად. 17 და ჰრქუა მას ჰოლომფორე სუ და იქმენ მხიარულ ჩემ თანა.
18 მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში. 18 და ჰრქუა ივდით: ვსუა აწ, უფალო ჩემო, რამეთუ განდიდნა ცხორებაჲ ჩემი ჩემ თანა უფროს ყოველთა დღეთა შობისა ჩემისათა.
19 აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა. 19 მოიღო და ჭამა და სუა მის წინაშე, რომელი-იგი მოუმზადა მჴევალმან მისმან.
20 გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი. 20 და მხიარულ იქმნა ჰოლომფორე მის ზედა და სუა ღჳნო ფრიადი, რომელ არღარა ესვა სხუასა დღესა ეგოდენი ცხორებასა შინა თჳსსა.