1 |
ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი
მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.
|
1 |
ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა
კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა). |
2 |
გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი
კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე
ნადირობენ სათხევლით. |
2 |
ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და
წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული
მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი. |
3 |
გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და
მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს
ამრუდებს. |
3 |
ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს,
და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა
არს. |
4 |
უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი
ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი
განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი. |
4 |
და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და
მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი
შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი. |
5 |
ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით
მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი |
5 |
ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ
წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა. |
6 |
რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას
ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები. |
6 |
რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების
დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა
მამანი სახლისა მისისა შორისნი. |
7 |
მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს;
შემიწყნარებს ჩემი ღმერთი. |
7 |
ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან. |
8 |
ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ,
აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! |
8 |
ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე
მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა. |
9 |
დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ
გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ
მის სიკეთეს. |
9 |
რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას.
ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და
გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი. |
10 |
დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ
მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი
თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება. |
10 |
და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს
უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი,
ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის. |
11 |
შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება. |
11 |
დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას
დღესა |
12 |
იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე,
ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე. |
12 |
და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა
და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე
ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა
წყლისა და შფოთისასა. |
13 |
გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით. |
13 |
და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა
მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა. |
14 |
დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები
მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად! |
14 |
მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა
შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ
ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა. |
15 |
გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან
გამოდიოდი. |
15 |
და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა,
უჩუენნე მათ საკჳრველნი. |
16 |
დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და
სასმენელნი დაუყრუვდებათ. |
16 |
ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან
ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი
დაყრუვნეს. |
17 |
მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ
ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ. |
17 |
ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად.
შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და
შეაშინონ შენგან. |
18 |
რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს
ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. |
18 |
ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და
ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა
საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს |
19 |
კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი
ყველა მათ ცოდვას. |
19 |
მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი
და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი |
20 |
დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას
შეჰფიცე ძველთაგანვე. |
20 |
მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა,
ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა. |