1 |
გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან
ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
|
1 |
და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი
დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად.
|
2 |
გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი
საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები. |
2 |
და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი
ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი. |
3 |
შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში.
თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება? |
3 |
და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი
ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი
ესე საქმე? |
4 |
უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის
გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად. |
4 |
მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა
მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი |
5 |
აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა
მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. |
5 |
გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი
იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და
ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა. |
6 |
წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის
ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე
მოახდინეს ისრაელში. |
6 |
და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი
ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე
ისრაჱლსა შორის. |
7 |
აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე
გადაწყვიტოს ეს საქმე. |
7 |
აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ
მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ. |
8 |
ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი
ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ. |
8 |
და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს:
არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა. |
9 |
აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე. |
9 |
და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას
წილის-გდებით. |
10 |
ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ,
ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც
ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის
გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში. |
10 |
და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან
საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე
მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის. |
11 |
ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.
|
11 |
და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი
მოვიდეს ქალაქებისაგან.
|
12 |
გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს
ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში. |
12 |
და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა
და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის? |
13 |
ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ,
სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ
ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა. |
13 |
და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და
მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს
ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა. |
14 |
გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი
ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის. |
14 |
და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად
განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა. |
15 |
აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები
- ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი
რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა. |
15 |
და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა
შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი
მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა. |
16 |
მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო,
თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა. |
16 |
რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი
ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი,
რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს. |
17 |
ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი
კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო. |
17 |
და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა
ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი
მბრძოლნი. |
18 |
ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს
ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად?
უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს. |
18 |
და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და
თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა
ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად. |
19 |
დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად
დაბანაკდნენ. |
19 |
და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს
გაბაასა თანა. |
20 |
გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად.
დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს. |
20 |
და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო
კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა. |
21 |
გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ
დღეს.
|
21 |
და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა
ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს.
|
22 |
მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა
საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა. |
22 |
და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად
ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა. |
23 |
წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე
და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან
საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე. |
23 |
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა
ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ
შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა
უფალმან: აღვედით მისა! |
24 |
კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე
დღეს. |
24 |
და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა
მეორესა. |
25 |
გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს
და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები. |
25 |
და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა
და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს
ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
26 |
გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა
ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და
სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს. |
26 |
და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი
ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას
დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ. |
27 |
ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის
კიდობანი იქ ესვენა, |
27 |
და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ
დღეთა შინა. |
28 |
და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის
წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად?
უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას. |
28 |
და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე
მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს:
უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა
ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა
თქუენთა! |
29 |
ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ. |
29 |
და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა. |
30 |
გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და
წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ. |
30 |
და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას
მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ. |
31 |
გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს
უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი -
გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს.
|
31 |
და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა
მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე
გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს
ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან.
|
32 |
თქვეს ბენიამინიანებმა: უწინდებურად ეცემიან ჩვენს
წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს: უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე
გავიტყუოთ. |
32 |
და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა,
ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ
იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე. |
33 |
ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და
ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ
თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე. |
33 |
და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და
ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით
კერძო გაბაასა. |
34 |
მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი
და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ
უბედურება ელოდათ. |
34 |
და მოექცეს იგინი პირისპირ წინაშე, გაბაასათ ათასი კაცი
რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა, და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა, და მათ
არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა. |
35 |
დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ
დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან,
მახვილის ამღები. |
35 |
და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაჱლისასა და
მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოცდახუთი ათასი და ასი
კაცი ყოველნივე ესე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
36 |
დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ.
ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი
ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს. |
36 |
და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან
ადგილსცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს
გარემო გაბაასა, |
37 |
ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და
მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი. |
37 |
და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბაასა შინა და
შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისათა. |
38 |
ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული -
ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი. |
38 |
და შეთქმულ იყუნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა
მაჱჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა. |
39 |
დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი
მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან
ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო, |
39 |
და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად, და ბენიამენს ეწყო
ოდენ მურვად წყლულებითა კაცთა ზედა ისრაჱლისათა ვითარ ოცდაათ ოდენ კაც,
რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტოდიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ. |
40 |
და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა
ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. |
40 |
და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან სუეტი
იგი კუამლისაჲ და მოიხილა ბენიამენ ზურგით კერძო მისა და, აჰა ესერა,
აღვიდოდა აღსასრული ქალაქისაჲ მის ზეცად. |
41 |
გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება
დაატყდა.
|
41 |
და ძეთა ისრაჱლისათა მიაქციეს და ისწრაფეს, და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი
წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.
|
42 |
გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი
ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა. |
42 |
ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი
იგი, და მიაქციეს გზასა მას უდაბნოსასა და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ, და
რომელნი-იგი იყუნეს ქალაქთა მათ შინა და მოსრვიდეს. მათ შორის მათსა. |
43 |
შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს
გიბყამდე, აღმოსავლეთით. |
43 |
და დაეცნეს ძენი ბენიამენისნი, და დევნა-უყვეს...
შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე პირისპირ გაბაანსა მზის აღმოსავალით. |
44 |
დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი
ვაჟკაცები. |
44 |
და დაეცნეს ბენიამენისაგანნი ათურამეტ ათასნი კაცნი,
ყოველნივე იგი ძლიერნი. |
45 |
გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის
კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა,
გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს. |
45 |
და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა
მას რემონისასა, და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი, და
დევნა-უყუეს კუალსა მათსა ვიდრე. გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ
ათასი კაცი. |
46 |
მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა,
მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო. |
46 |
და იყუნეს ყოველნი, რავდენნი დაეცნეს შორის ბენიამენისა
ოცდახუთი ათასი კაცნი მახჳლოსანნი მას დღესა შინა, ყოველნივე ესე კაცნი
ძლიერებისანი. |
47 |
გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის
კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე. |
47 |
და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას
რემონისასა ოთხ თუე, და ძენი ისრაჱლისანი მოიქცეს |
48 |
კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და
მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ
დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს. |
48 |
ძეთაგან ბენიამენისთა, და მოსრნეს იგინი პირითა
მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომითი შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და
ყოველი, რომელი იპოვა ყოველსა მას ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელი
დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა. |