1 |
ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და
ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან,
ვაკეზე.
|
1 |
და აღიმსთო იერობოალ, (ესე იგი თავადი არს გედეონ), და ყოველმან ერმან მის თანა
და დაიბანაკეს წყაროსა მას ზედა არედისასა; და მადიამი იყო ბღუარით და ამალეკ იყო
ჩრდილოთ გაბთანისა ველსა.
|
2 |
უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ
ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას,
ჩემმა ხელმა მიხსნაო. |
2 |
და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა,
რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა
ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე. |
3 |
ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და
კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი
უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა. |
3 |
ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ
ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა.
და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს. |
4 |
უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე
ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის
გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება. |
4 |
და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა.
შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა
გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა,
რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ
თანა. |
5 |
ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც
ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე
ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. |
5 |
და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან
გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის
ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა
ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი. |
6 |
ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა
ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. |
6 |
და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას
ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა. |
7 |
უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და
ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს. |
7 |
და ჰრქუა უფალმან გედეონს: სამასითა ამით კაცითა, რომელთა
წბეს ენითა მათითა, გიჴსნე თქუენ და მოვსცე მადიამი ჴელთა შენთა; და
ყოველივე იგი ერი წარვედინ ადგილად თჳსა. |
8 |
გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი
თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა.
მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე. |
8 |
მოიღეს საგზალი ერისაჲ მის ჴელითა მათითა და ნესტუები იგი
მათი რქისაჲ და ყოველი ისრაჱლი წარავლინა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, ხოლო
სამასნი იგი კაცნი დაიყენნა და ბანაკი იგი მადიამაჲსი იყო ქუემო კერძო მისა
ღვლესა მას შიდა. |
9 |
უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს. |
9 |
და იყო მას ღამესა და ჰრქუა უფალმან გედეონს: აღდეგ და
შთავედ ბანაკსა მას მადიამისა, რამეთუ მიგეც იგი ჴელთა შენთა. |
10 |
თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან
ერთად ჩადი ბანაკში. |
10 |
უკუეთუ გეშინის შენ მარტოსა, შთავედ შენ და ფარა, მონაჲ ეგე შენი, ბანაკად. |
11 |
მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი
მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა.
|
11 |
და გესმეს, რასა-იგი იტყოდიან, და ამისსა შემდგომად განძლიერდენ. ჴელნი შენნი და
მიუჴდენ ბანაკსა მას. და შთავიდა იგი და ფარა, მონაჲ მისი, ერთკერძოჲსა მისგან
ერგასისისა, რომელნი იყვნეს მის ბანაკისანი.
|
12 |
მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ
დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი
იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა. |
12 |
და მადიამი და ამალეკი და ყთველნივე ძენი
მზისაღმოსავალისანი დაბანაკებულ იყვნენ ღელესა მას შიდა, ვითარცა მკალი
სიმრავლითა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს, ვითარცა
ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა. |
13 |
მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება
მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის
ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი. |
13 |
და შევიდა გედეონ ბანაკსა მას. და, აჰა ესერა, კაცი
უთხრობდა ჩუენებასა მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: ვიხილე ჩუჱნებაჲ და, აჰა
ესერა, ჴუეზაჲ პური ქრთილისაჲ გორვიდა ბანაკსა მადიამისასა და მოიწია ვიდრე
კარვებადმდე მადიამისა, და ეკუეთა და დაამჴუნა იგინი. |
14 |
მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა
გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს
მიდიანი და მთელი ბანაკი. |
14 |
მიუგო მოყუასმან მან თჳსმან და ჰრქუა: არა არს ეგე სხუაჲ,
არამედ მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაიტელისა, რამეთუ მისცა
ღმერთმან ჴელსა მისსა მადიამი და ყოველი ესე ბანაკი. |
15 |
როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა,
თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში
ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი. |
15 |
და იყო, ვითარცა ესმა გედეონს თხრობაჲ იგი ჩუენებისაჲ მის
და შეტყუებაჲ მისი, თაყუანის-სცა უფალსა და მოაქცია ბანაკად ისრაჱლისა და
ჰრქუა მათ: აღდეგით, რამეთუ მოსცა უფალმან ბანაკი მადიამისაჲ ჴელთა ჩუენთა. |
16 |
დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა,
დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა. |
16 |
და განყო სამასი იგი კაცი სამად გუნდად და მისცა ნესტუ
რქისა ჴელთა მათ ყოველთასა და ჩაფები ახლები და ლამპრები ჩაფებსა მას შიდა. |
17 |
უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები
ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით. |
17 |
და ჰრქუა მათ: ჩემგან იხილეთ, ვითარ-იგი ვყო და თქუენცა
ეგრევე ყავთ, და მე შევიდე შორის ბანაკსა მას, და იყოს, ვითარ-იგი ვყო, და
თქუენცა ეგრევე ყავთ. |
18 |
როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს
დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის! |
18 |
დავჰბერო ნესტუსა მას რქისასა და ყოველთავე ჩემ თანა
დაჰბერეთ ნესტუსა თქუენსა გარემოჲს და თქუან: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი. |
19 |
მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა
შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და
დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ. |
19 |
და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა
მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი
აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და
განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა. |
20 |
ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ,
მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და
გედეონისთვის!
|
20 |
და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი
და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა
ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და
გედეონისი.
|
21 |
ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა
მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. |
21 |
და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და
რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს. |
22 |
ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე
აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის
მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით. |
22 |
და ჰბერვიდეს სამასსავე მას ნესტუსა რქისასა. და დასდვა
უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუასსა თჳსა ზედა ყოველსავე მას ბანაკსა. |
23 |
გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან,
მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს. |
23 |
და ივლტოდა ბანაკი იგი ვიდრვ ბეთასეპადმდე და ვიდრე
კიდედმდე საბილმაულისა და ტაბეთად. და აღიზახა კაცმან ისრაჱლისამან
ლეფთალემით გამო და ასერით და ყოვლისაგან მანასესა და დევნა-უყუეს
შემდგომად მადიამისა. |
24 |
კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა:
ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე.
გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და
იორდანე. |
24 |
და მოციქულნი წარავლინნა გედეონ ყოველთა საზღუართა
ეფრემისათა და ჰრქუა: გარდამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ
წიაღსავალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. და აღიზახა ყოველმან კაცმან
ეფრემისმან, და უსწრეს და დაიპყრეს წყალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და
იორდანე. |
25 |
შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები
ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა
და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან. |
25 |
და შეიპყრნეს ორნი იგი მთავარნი მადიამისანი: ორებ და
ზებ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზებ მოკლეს იაკებზებს შინა და სდევდეს
მადიამსა. და თავი ორებისი და ზეებისი მოართუეს გედეონს კაცთა მათ წიაღ
იორდანესა. |