ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნეემია

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.

1

და შეკრბა ყოველი იგი ერი. ვითარცა ერთი კაცი, ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა და ჰრქუეს ეზრას, მწერალსა მას სჯულისასა, რათამცა მოიღო სჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან.

2 ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა. 2 და მოიღო ეზრა მღდელმან სჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებილ იყუნეს მამანი და დედანი და ყოველივე, რომელი უნდა სმენისა თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა.
3 წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი. 3 იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდის მზე ვიდრე ექუს ჟამამდე, წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრეს ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას სჯულისა.
4 ეზრა მწიგნობარი იდგა ხის კვარცხლბეკზე, ამ საქმისთვის რომ იყო გამართული; მის ახლოს, ხელმარჯვნივ, მათითია, შემაყი, ყანაია, ურია, ხილკია და მაყასია იდგნენ; მის ხელმარცხნივ კი ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშელამი იდგნენ. 4 და დგა ეზრა მღდელი და მწერალი ზედა ბომონსა ძელისასა, და დგეს მის თანა მატათიას და სამეას, ანანიას და ურიას, ქელკია და მაასია მარჯუენით მისა და მარცხენით მისა - ფადია და მისაელ, მელქია და ასამ, და საბანა, ზაქარია და მოსულამ.
5 ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა. 5 და რაჟამს განყუნა ეზრა წიგნნი იგი წინაშე ყოვლისა კრებულისა მის, რამეთუ იყო იგი ზედამდგომელ ყოვლისა მის ერისა. და იყო, ვითარცა განყუნა წიგნნი იგი, და დადგა ერი იგი მის წინაშე,
6 ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი. 6 და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი დიდი და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! და აღიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად და დამხედ თაყუანი-სცეს უფალსა ღმერთსა პირსა თჳსსა ზედა ქუეყანასა.
7 იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ. 7 და ისუ და ბანეას და სარაბა, იამინ, აკუფ, სეფრაიმ, ოდა, მაასა, ელიტა, აზარია, იოსაფეთ, ანან, ფალაია და ლევიტელნი დაადუმებდენ კრებულთა სმენად შჯულისათჳს. და ერი იგი დგა თჳსად.
8 კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული. 8 და წიგნი შჯულისა ღმერთისა განმარტებით და საჩინოდ აღმოიკითხეს, რათა გულისხმა-ყონ სიტყუაჲ იგი და სცნან
9 ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა). 9 და თქუა ნეემი, რომელ არს ათერსათა, და ეზრა მღდელმან და მწერალმან სჯულისამან და ლევიტელნი იგი, რომელნი გულისხმა-უყოფდეს ერსა მას.
10

უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.

10

და თქუეს ყოველმან ერმან: დღე ესე დღე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუ იგლოვთ, ნუცა სტირით, რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუა იგი სჯულისა უფლისა და ჰრქუეს მათ: წარვედით და ჭამეთ და სუთ სიპოხე თქუენი და სიტკბოება თქუენ თანა და მიუძღუანეთ ნაწილნი მათ, რომელთაცა არა აქუნდეს, რამეთუ დღე ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ

11 ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო! 11 და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს დუმენით და ნუ შესწუხდებით, რამეთუ დღე ესე წმიდა არს.
12 წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს. 12 და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არა აქუნდა ნაწილი მათი და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვეს სიტყუანი იგი სჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.
13 მეორე დღეს მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს. 13 და დღესა მას მეორესა, შეკრბეს მფლობელნი იგი და მამათმთავარნი ყოვლისა მის ერისა, მღდელნი იგი ლევიტელნი, ეზრა მწერალისა სჯულისასა, რაჲთა მეცნიერ იქმნან და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუა სჯულისა.
14 ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ. 14 და პოვეს დაწერილი იგი სჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაჱლისათა დღესასწაულსა მას ტალავრობისასა მეშჳდისა მის თთჳსასა.
15 რომ გამოუცხადონ და ხმა მიაწვდინონ ყველა ქალაქსა და იერუსალიმს; გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის ფოთლები, ღვიის, პალმისა და სხვა ხეების ფოთლები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით. 15 ვითარსახედცა მოასწავებდეს ნესტჳთა მით ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალჱმსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხისა და ფურცელი ხისა ძელქვისა და ფურცელი მურტისა საკუმეველთა და ფურცელი ფინიკისა და ფურცელი ბროწეულისა, და იქმნეთ თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის
16 გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე. 16 და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნა კაცად-კაცადმან ეზოსა შინა თჳსსა და ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა ვიდრე ბჭემდე ეფრემისა.
17 კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული. 17 და იქმნეს ტალავრები ყოველმან ერმან კრებულისამან, რომელნი მიქცეულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა და დასხდეს ტალავართა მათ შინა ყოველნი იგი, რამეთუ არა სადა ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ვიდრე დღედმდე ისო ძისა ნავესთა, და იყო სიხარული დიდი ფრიად.
18 ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ. 18 და იკითხავნ იგი წიგნებსა სჯულისა ღმრთისასა დღითი დღედ, დღით პირველითგან ვიდრე დღემდე მეშჳდისა მის, და ყვეს დღესასწაული შჳდ დღე, და დღესა მერვესა დაასრულეს მსგავსად სჯულისა.