1 |
ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან
განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს. |
1 |
ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან
შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა. |
2 |
კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს
მათ. |
2 |
კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა
მათ. |
3 |
არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში
დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. |
3 |
არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა
ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ, |
4 |
არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ
აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი
გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო
სახლში. |
4 |
არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ
მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი
შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ
უფლისა. |
5 |
რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? |
5 |
რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა
დღესასწაულისა უფლისასა? |
6 |
რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს
მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს
ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში. |
6 |
ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის
მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან
დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა. |
7 |
დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები.
იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი,
შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა? |
7 |
მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი
ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი
განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა
სიცბილი. |
8 |
ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია.
ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში. |
8 |
მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე
გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა
დაამტკიცეს. |
9 |
ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის
გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს. |
9 |
განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს
უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა, |
10 |
ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც
მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ
ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ. |
10 |
ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა
მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს
სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი. |
11 |
ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც
ორსულობა, არც მუცლადღება! |
11 |
ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი
შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა |
12 |
თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი
კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! |
12 |
მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო
იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან. |
13 |
ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ
ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. |
13 |
ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა
მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა |
14 |
მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი
მუცელი და გამშრალი მკერდი. |
14 |
მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ
და ძუძუნი ჴმელნი. |
15 |
გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი
ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ;
განდგომილია ყველა მისი მთავარი. |
15 |
ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ
მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა
განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი
მათნი ურჩ არიან. |
16 |
დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ
გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ
ნაშიერს. |
16 |
ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე
არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა
მუცლისა მათისათა. |
17 |
მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და
ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან. |
17 |
განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და
იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის. |