ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს: |
1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: |
2 | აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია; | 2 | ესე არს ბრძანებაჲ შჯულისაჲ, რაოდენი ბრძანა უფალმან და თქუა: ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და მოგგუარედ შენ დიაკეული წითელი უბიწოჲ, რომლისა თანა არა იყოს ბიწი და არა დადებულ მას ზედა უღელი. |
3 | მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ. | 3 | და მისცენ იგინი ელიაზარს მღდელსა. და განიბან იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და დაკლან იგი წინაშე მისა. |
4 | ამოაწოს ელეაზარ მღვდელმა თითები სისხლში და შვიდგზის ასხუროს სისხლი სადღესასწაულო კარვის წინა მხარეს. | 4 | და მოიღოს ელიაზარ სისხლისაგან მისისა და აპკუროს იგი წინაშე კარვისა მის საწამებელისასა სისხლისა მისისაგან შჳდგზის. |
5 | დაწვან ფური მის თვალწინ - მისი ტყავი, მისი ხორცი, მისი სისხლი მის ფუნასთან ერთად დაწვან. | 5 | და დაწვან იგი მის წინაშე, და ტყავი მისი, და ჴორცი მისი, და სისხლი იგი მისი ფუშნიერითურთ მისით დაიწუეს. |
6 | აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი და ჭიაფერი ნართი და ჩააგდოს ცეცხლში, სადაც ფური იწვის. | 6 | და მოიღოს მღდელმან ძელი ნაძჳსაჲ და უსუპი და მატყლი მეწამული. და შთადვან იგი შუვა დამწვასა მას დიაკეულისასა. |
7 | გაირეცხოს შესამოსელი მღვდელმა, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. საღამომდე უწმიდური იქნება მღვდელი. | 7 | და განირცხეს სამოსელი მღდელმან მან და დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა და ამისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და არაწმიდა იყოს მღდელი იგი მწუხრადმდე. |
8 | ფურის დამწველმაც გაირეცხოს წყალში შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი. უწმიდური იქნება საღამომდე. | 8 | და რომელმან დაწუას იგი, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანონ გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე. |
9 | შეაგროვოს ვინმე სუფთამ ფურის ნაცარი და დაყაროს ბანაკის გარეთ, სადმე სუფთა ადგილზე. ექნება ისრაელიანთა საზოგადოებას გამაწმიდავებელი წყლისთვის. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი. | 9 | და შეკრიბოს კაცმან წმიდამან ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და დაასხას იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და იყოს კრებულისა მის ძეთა ისრაჱლისათა დასამარხავად წყალი პკურებისაჲ, განწმედა არს. |
10 | შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენს შორის რომ მდგმურობენ. | 10 | და განიბანოს გუამი თჳსი, რომელმან შეკრიბოს ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და განირცხეს სამოსელი თჳსი. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და იყოს იგი კრებულისათჳს ძეთა ისრაჱლისათა და მწირთა მათთჳს, რომელი მოსრულ იყოს მათ შჯულად საუკუნოდ. |
11 |
თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს, |
11 | და რომელი შეეხოს მკუდარსა ყოვლისა სულისასა, ანუ კაცისასა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. |
12 | ამ წყლით უნდა ჩამოირეცხოს ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაწმიდავდება; თუ არ ჩამოირეცხება ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება გაწმიდავებული. | 12 |
ესე განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა. და წმიდა იყოს, უკუეთუ არა განწმიდნეს დღესა მესამესა. და დღესა მეშჳდესა არა იყოს წმიდა. |
13 | ყველა, ვინც კი მიეკარება მკვდარს, და არ ჩამოირეგხავს ცოდვას, უფლის სადგომის წამბილწველია იგი და უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან; რადგან არ სხურებია გამაწმიდავებელი წყალი. უწმიდურია, ჯერ კიდევ უწმიდურებაა მასში. | 13 | ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა სულითგან კაცისათა, უკუეთუ მო-ვინმე-კუდეს და არა განწმიდნეს, კარავი უფლისა შეაგინა, შეიმუსრო სული სული იგი ისრაჱლისაგან, რამეთუ წყალი იგი პკურებისაჲ არა ეპკურა მას, არაწმიდა იყოს, რამეთუ არაწმიდებაჲ მისი მის ზედა იყოს. |
14 | ასეთია რჯული: თუ კარავში კაცი მოკვდება, ყოველი კარავში შემსვლელი და ყოველი კარავში მყოფი შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება. | 14 | და ესე შჯული არს, უკუეთუ მოკუდეს კაცი სახლსა შინა, ყოველი, რომელი შევიდეს სახლსა მას და ყოველი, რომელიცა-რაჲ იყოს სახლსა მას შინა, არაწმიდა იყოს შჳდ დღე. |
15 | ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არ არის მჭიდროდ დახურული ან თავშეკრული, უწმიდურია. | 15 | და ყოველი ჭურჭელი ურქველი, რომელსა არა იყოს სარქველი დაკრულ მას ზედა, არაწმიდა იყოს. |
16 | ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია. | 16 | და ყოველი, რომელი შეეხოს პირსა ყრმისა წულისასა გინა მკუდრისა ძვალსა კაცისასა, გინა საფლავსა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. |
17 | აიღონ გაუწმიდურებულისათვის დამწვარი მსხვერპლის ნაცარი, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ ცოცხალი წყალი დაასხან; | 17 | და მოართუან არაწმიდასა მას ნაცრისა მისგან, დამწურისა მისგან განსაწმედელისა და დაასხან მას ზედა წყალი ცხოველი ჭურჭერსა შიდა. |
18 | აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მჯდარს, ან სამარხს მიჰკარებია. | 18 | და მოიღონ უსუპი და დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას და ჭურჭელთა ზედა და სულთა ზედა, რავდენ იყუნენ მუნ და შეხებულთა მათ ზედა ძვალთა კაცისასა, გინა თუ სამოსელსა მკუდრისასა, გინა თუ სამარესა. |
19 | ასხუროს სუფთამ გაუწმიდურებულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ჩამოერეცხება ცოდვა მეშვიდე დღეს. გაირეცხოს ტანისამოსი, წყალში იბანოს და საღამოთი გაწმიდავებული იქნება. | 19 | და აპკუროს წმიდამან არაწმიდასა მას დღესა მესამესა და განწმიდნეს დღესა მეშჳდესა და განირცხას სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა. და არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. |
20 | თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი. | 20 | და კაცი, რომელი შეიგინოს და არა განწმიდნეს, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ წმიდანი უფლისანი შეაგინნა და წყალი პკურებისაჲ არა დაეპკურა მას ზედა, არაწმიდა არს იგი. |
21 | იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე. | 21 | და იყავნ თქუენდა შჯულად საუკუნოდ ესე. და რომელმან ასხუროს წყალი იგი პკურებისაჲ, განირცხას სამოსელი თჳსი და, რომელი შეეხოს წყალსა მას პკურებისასა, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. |
22 | ყველაფერი, რასაც უწმიდური მიეკარება, გაუწმიდურდება; მიკარებულიც გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. | 22 | და ყოველსა, რომელსა შეეხოს არაწმიდაჲ იგი, არაწმიდა იყოს და სული, რომელი შეეხოს, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. |