1 |
გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა
ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
|
1 |
და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა
ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი.
|
2 |
აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ
მათ ქალაქებს. |
2 |
და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა,
შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი. |
3 |
უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი.
მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა
(ნარისხალი). |
3 |
და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა
მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი
- „შეჩუენებულ“. |
4 |
დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ
შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში. |
4 |
და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და
გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა. |
5 |
საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს:
რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის
პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა. |
5 |
და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და
თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა
არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი? |
6 |
მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს
ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში. |
6 |
და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და
უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
7 |
მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ
გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა
მოსემ ხალხისათვის. |
7 |
და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ
ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე
ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს. |
8 |
უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე.
შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება. |
8 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი
საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან,
რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს. |
9 |
გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე.
როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და
იკურნებოდა. |
9 |
და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა
ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას
რვალისასა და ცხონდის. |
10 |
დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ. |
10 |
და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა. |
11 |
დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ
არის, მზის აღმოსავლეთისკენ.
|
11 |
და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ
მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ.
|
12 |
დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ. |
12 |
მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა. |
13 |
დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში,
სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და
ამორეველთა საზღვარია. |
13 |
მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა,
რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი
მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა. |
14 |
ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები
ქარიშხალში და არნონის ღვარები. |
14 |
ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი
მოწუა და ჴევნი არნონისანი. |
15 |
ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და
მიადგეს მოაბის საზღვარს. |
15 |
და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა
მოაბისათა. |
16 |
იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა
მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს. |
16 |
და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა
უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად. |
17 |
მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ
მას! |
17 |
მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა.
წინამძღუართა მისთა თხარეს |
18 |
ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის
თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ. |
18 |
ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა
მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ. |
19 |
მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში. |
19 |
და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ, |
20 |
ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის,
ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება. |
20 |
და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა
თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა. |
21 |
გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:
|
21 |
და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა.
|
22 |
გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და
ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი
საზღვრიდან არ გავალთ. |
22 |
და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა
მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა
შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა. |
23 |
არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა
სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში;
მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს. |
23 |
და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და
შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და
მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა. |
24 |
მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას
არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო
ყამონელთა საზღვარი. |
24 |
და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა
ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე,
რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ. |
25 |
აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა
ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის
დაბა-სოფლებში. |
25 |
და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა
ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა
მოსაზღურეთა მისთა. |
26 |
რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო.
მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა
არნონამდე. |
26 |
რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა
ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა
ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე. |
27 |
ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება
და განმტკიცდება სიხონის ქალაქი. |
27 |
ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს
და განეგოს ქალაქი სიონისი. |
28 |
რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის
ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები. |
28 |
რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და
შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი. |
29 |
ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი
ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის,
ტყვეებად. |
29 |
ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი
მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი. |
30 |
დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ
ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის! |
30 |
და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და
დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა. |
31 |
დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.
|
31 |
ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა.
|
32 |
გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი
დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. |
32 |
და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და
დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ. |
33 |
გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ
წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად. |
33 |
და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ,
მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი
ბრძოლად ედრაინს. |
34 |
უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში
ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც
უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა. |
34 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა
შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ
მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს
შინა. |
35 |
მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე
რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა. |
35 |
და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა
დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი. |