1 |
ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით
დაიტანჯნენ.
|
|
|
2 |
შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ.
მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად; |
|
|
3 |
რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი
დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი,
მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა. |
|
|
4 |
რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა
მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები. |
|
|
5 |
როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და
ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი
მრისხანება, |
|
|
6 |
ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის
ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ. |
|
|
7 |
რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა,
არამედ შენით, ყოველთა მხსნელო. |
|
|
8 |
ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი
ყოველივე ბოროტისაგან. |
|
|
9 |
ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და
არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა. |
|
|
10 |
შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად
გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი. |
|
|
11 |
ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს
წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ.
|
|
|
12 |
ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო,
ყველას რომ კურნავს. |
|
|
13 |
რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება;
შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან. |
|
|
14 |
ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც
ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა. |
|
|
15 |
შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. |
|
|
16 |
რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი
მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან
დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ. |
|
|
17 |
მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში
ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა. |
|
|
18 |
ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის
მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან
იდევნებიან. |
|
|
19 |
ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა,
რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ. |
|
|
20 |
ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი
და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას
გემოვნების შესაფერისს. |
|
|
21 |
შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის
დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით.
|
|
|
22 |
თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა
შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში
გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა. |
|
|
23 |
მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა
მართალნი დანაყრებულიყვნენ. |
|
|
24 |
რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს,
გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა
კეთილის საყოფად. |
|
|
25 |
ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა
გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით, |
|
|
26 |
რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო,
რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს
მორწმუნეთ; |
|
|
27 |
რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც
კი მზის სუსტი სხივი გაათბობს, |
|
|
28 |
რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი
მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ. |
|
|
29 |
რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და
უსარგებლო წყალივით დაიღვრება. |
|
|