1 |
ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს
ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ:
|
|
|
2 |
ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ
მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს. |
|
|
3 |
ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და
უვნებელი მზე უცხოობაში. |
|
|
4 |
ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში
ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით
რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა. |
|
|
5 |
როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი
ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი
მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად. |
|
|
6 |
ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა
შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს. |
|
|
7 |
მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და
მტერთა დაღუპვისა. |
|
|
8 |
რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე
განგვადიდე ჩვენმა მშობელმა. |
|
|
9 |
კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და
საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ
კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს. |
|
|
10 |
ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა
დასატირებელ ყრმათა გამო. |
|
|
11 |
ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე
დაიტანჯა, როგორც მეფე. |
|
|
12 |
ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ
კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა. |
|
|
13 |
ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით,
პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი. |
|
|
14 |
რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე,
|
|
|
15 |
დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო
ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი
და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა. |
|
|
16 |
დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა
მიწაზე მდგარი. |
|
|
17 |
მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა
აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ. |
|
|
18 |
ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს,
რისთვისაც კვდებოდა. |
|
|
19 |
შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ
დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ. |
|
|
20 |
თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში
მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა, |
|
|
21 |
რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი
თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ
აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი
მსახური იყო. |
|
|
22 |
მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც
იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა
გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები. |
|
|
23 |
რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში
ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა. |
|
|
24 |
რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა;
მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი
სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე. |
|
|
25 |
ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა,
რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო. |
|
|