1 |
ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს.
|
|
|
2 |
ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და
მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი. |
|
|
3 |
თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და
ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი. |
|
|
4 |
იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა
თანაზიარი. |
|
|
5 |
თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა
იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის? |
|
|
6 |
თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი
ხელოვანი? |
|
|
7 |
და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა,
რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის;
ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია. |
|
|
8 |
თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და
ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი,
ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც. |
|
|
9 |
ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად,
რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და
მწუხარებაში. |
|
|
10 |
მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე. |
|
|
11 |
სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში
გასაკვირველი. |
|
|
12 |
დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს
გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული;
|
|
|
13 |
მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს
დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას; |
|
|
14 |
ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები
დამემორჩილებოდნენ; |
|
|
15 |
დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში
კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი. |
|
|
16 |
შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას
არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და
სიხარული. |
|
|
17 |
ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში,
რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა, |
|
|
18 |
მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი -
მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება
- სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი. |
|
|
19 |
ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი
სულიც; |
|
|
20 |
უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი. |
|
|
21 |
მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ
მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს
ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი: |
|
|