1 |
დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის,
ოთხში. |
1 |
და იყო მეოთხესა წელსა დარიოსის ზე მეფისა და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს
მიმართ მეოთხესა თთჳსა მეცხრისასა, რომელ არს ხასილევი.
|
2 |
გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი
კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე |
2 |
და მიავლინა ბეთელად სარასარ და რაგომელიქ მეფემან და
კაცთა მისთა მოწყალე-ყოფად უფლისა |
3 |
და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და
წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო,
როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო? |
3 |
და თქუმად მღდელთა მიმართ მყოფთა სახლსა შინა უფლისა,
ყოვლისა მპყრობელისასა, და წინაწარმეტყუელთა მიმართ მეტყუელმან: შემოვიდა
აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე, ვითარ-იგი დაყუნეს, ეგერა, კმანი წელნი. |
4 |
იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
4 |
და იქმნა სიტყუა უფლისა ძალთაჲსა ჩემდამო მეტყუელი: |
5 |
უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით
და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა
ჩემთვის მარხულობდით? |
5 |
თქუ ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა და მღდელთა მიმართ
მეტყუელმან: იმარხვიდეთ თუ, ანუ ჰგოდებდეთ მეხუთეთა შინა, ანუ მეშჳდეთა
შინა თთუესა და, აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ. |
6 |
როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და
თქვენთვის არა სვამთ? |
6 |
და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ
სუამთ? |
7 |
განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა
წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და
უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი (ნეგები) და დაბლობი (შეფელა) დასახლებული იყო? |
7 |
არა ესე არიანა სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა
წინაწარმეტყუელთა წინაპართაჲთა, ოდეს იყო იერუსალიმი დამკჳდრებული და
წარმართებული დაქალაქი გარემოჲს მისსა და მთობი და ველობი დამკჳდრებულ იყო? |
8 |
იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი: |
8 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ მეტყუელი: |
9 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით
მოექეცით ერთმანეთს; |
9 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მეტყუელი: სასჯელი
სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ
თჳსისა |
10 |
ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს
გულში ერთმანეთისთვის. |
10 |
და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა
თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა. |
11 |
მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს,
რომ არ ესმინათ; |
11 |
და ეურჩნეს ყურადღებად და მისცეს ზურგი შეურაცხისმყოფელი და ყურნი მათნი დაიმძიმნეს
არშესმენად |
12 |
გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ
უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა
ცაბაოთ უფლისგან. |
12 |
და გულნი მათნი დააწესნეს ურჩებად, არშესმენად სჯულისა ჩემისა და სიტყუანი, რომელნი
მიავლინნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, სულისა მიერ მისისა ჴელითა
წინაწარმეტყუელთა პირველთათა; და იქმნა რისხვა დიდი უფლისა მიერ, ყოვლისა
მპყრობელისა. |
13 |
და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას,
ამბობს ცაბაოთ უფალი. |
13 |
და იყოს ვითარსახედ თქუა და და ისმინეს მისი, - ეგრეთ ღაღადებდენ და არ შევისმინო,
- იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - |
14 |
გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ
შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს. |
14 |
და განვჴადნე იგინი ყოველთა მიმართ წარმართთა, რომელნი არა უწყოდნეს და ქვეყანაჲ
უჩინო იქმნეს უკანაგან მათსა, არა ვინ იყოს განმვლელისაგან დამქცევისა და დააწესეს
ქუეყანა რჩეული უჩინოსაქმნელად. |