1 |
ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება.
|
|
|
2 |
როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი
მსახურნი; როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი. |
|
|
3 |
უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა
სიბრძნით კი ქალაქი აშენდება. |
|
|
4 |
უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად
აღაზევებს მასზე. |
|
|
5 |
უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას
აღბეჭდავს მწიგნობრის სახეზე. |
|
|
6 |
ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით
ნუ შეურაცხყოფ ნურავის. |
|
|
7 |
უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია
ამპარტავნობა, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე. |
|
|
8 |
მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა,
თავხედობათა და ანგარებათა გამო. |
|
|
9 |
რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე
იხრწნება მისი შიგნეული. |
|
|
10 |
ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ კი აღესრულება. |
|
|
11 |
როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა.
|
|
|
12 |
ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა
დამბადებლისგან. |
|
|
13 |
რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი
აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს
და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს მას. |
|
|
14 |
უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი
დასვა. |
|
|
15 |
უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ
მორჩილნი დააფუძნა. |
|
|
16 |
ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის
საფუძვლებამდე შემუსრა ისინი. |
|
|
17 |
ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი
სახსენებელი. |
|
|
18 |
ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც
გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის. |
|
|
19 |
პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი
მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა.
უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა. |
|
|
20 |
ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა
მის თვალში. |
|
|
21 |
სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია.
|
|
|
22 |
უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა
ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის. |
|
|
23 |
დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია,
მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე. |
|
|
24 |
ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი
კაცი არ დაიჩივლებს. |
|
|
25 |
სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ
განიდიდებ გასაჭირში. |
|
|
26 |
მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე
მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს. |
|
|
27 |
შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ
მიაგე პატივი. |
|
|
28 |
შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ
განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს? |
|
|
29 |
გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი
სიმდიდრისთვის ადიდებენ. |
|
|
30 |
სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება
სიმდიდრეში? სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება
სიგლახაკეში? |
|
|