1 |
შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.
|
|
|
2 |
გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს
მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების
მომაკვდინებელი. |
|
|
3 |
ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი
არ განიკურნება. |
|
|
4 |
დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე
მოოხრდება ამპარტავნის სახლი. |
|
|
5 |
ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და
სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი. |
|
|
6 |
მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით
მოინანიებს. |
|
|
7 |
ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს,
სად წაიბორძიკებს იგი. |
|
|
8 |
რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა
საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი. |
|
|
9 |
ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული
ცეცხლის ალია. |
|
|
10 |
ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია. |
|
|
11 |
რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის
შიშის განსრულებაა. |
|
|
12 |
უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს. |
|
|
13 |
ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა
სიცოცხლის წყაროა. |
|
|
14 |
ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას
ვერ დაიჭერს. |
|
|
15 |
გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი
მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის.
|
|
|
16 |
ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი
მადლი იპოვება. |
|
|
17 |
ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის
სიტყვებს გულში ჩაითხრობენ. |
|
|
18 |
რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა
უგუნურისა უაზრო სიტყვებია. |
|
|
19 |
უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი -
მარჯვენა ხელზე. |
|
|
20 |
ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი
წყნარად გაიღიმებს. |
|
|
21 |
წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე -
მარჯვენა მკლავზე. |
|
|
22 |
ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი
კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ. |
|
|
23 |
უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი
გარეთ დადგება. |
|
|
24 |
უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი
შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა. |
|
|
25 |
უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი
სასწორზე იწონება. |
|
|
26 |
ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში. |
|
|
27 |
სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის. |
|
|
28 |
მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის
სამეზობლოში. |
|
|