1 |
ბევრმა შესცოდა წვრილმანთა გამო, სიმდიდრის მძებნელი კი თვალს მოარიდებს.
|
|
|
2 |
მიჯრილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, ასევე
ყიდვა-გაყიდვაში ცოდვა შეიჭრება. |
|
|
3 |
უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში,
სწრაფად დაემხობა მისი სახლი. |
|
|
4 |
საცრის შერხევისას ნაგავი რჩება, ასევე კაცის
უწმინდურობანი - მისი მსჯელობისას. |
|
|
5 |
თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი. |
|
|
6 |
ხის მოვლა-პატრონობას ნაყოფი წარმოაჩენს, ადამიანის გულის
ზრახვებს კი - სიტყვა. |
|
|
7 |
ნუ შეაქებ კაცს საუბრის დაწყებამდე, რადგან ეს არის
ადამიანის გამომცდელი. |
|
|
8 |
თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ
მას, როგორც დიდების შესამოსელს. |
|
|
9 |
ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც
იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ. |
|
|
10 |
როგორც ლომი უსაფრდება ნადავლს, ასევე ცოდვა - უსამართლობის ჩამდენთ. |
|
|
11 |
საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება.
|
|
|
12 |
უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის დაყავი ხანი. |
|
|
13 |
ბრიყვთა საუბარი აუტანელია; მათი სიცილი ცოდვით თავის
შექცევაა. |
|
|
14 |
მრავალმოფიცარის ყბედობა თმას ყალყზე აყენებს და მათი
კამათი ყურთასმენას ახშობს. |
|
|
15 |
ქედმაღალთა ჩხუბი სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა - მძიმე
მოსასმენი. |
|
|
16 |
საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს
ვერასოდეს იპოვის. |
|
|
17 |
გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის
საიდუმლოებას გააცხადებ, ნულარ დაედევნები უკან. |
|
|
18 |
რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ
მახლობლის მეგობრობა. |
|
|
19 |
თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი
და ვეღარ მოინადირებ მას. |
|
|
20 |
ნუღარ დაედევნები, რადგანაც იგი შორს გაგიდგა და გაგექცა,
როგორც შველი ხაფანგისაგან. |
|
|
21 |
რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო
გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა.
|
|
|
22 |
ვინც თვალით ანიშნებს, ის ხრიკებს აწყობს და ვერავინ
დააბრკოლებს მას. |
|
|
23 |
შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და გაიკვირვებს შენს
სიტყვებს, ბოლოს კი შეირყვნის პირსაც და შენს სიტყვებშიც საცთურს
აღმოაჩენს. |
|
|
24 |
ბევრი რამ შევიძულე, მაგრამ მის მსგავსად არავინ! და
უფალიც შეიძულებს მას. |
|
|
25 |
ქვის მაღლა მსროლელი თავის თავს ესვრის და მზაკვრული
დარტყმა ჭრილობას გახსნის. |
|
|
26 |
ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის
დამგებიც თვითონვე გაებმება. |
|
|
27 |
ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც
გაიგებს, საიდან დაატყდა თავს. |
|
|
28 |
ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება
ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას. |
|
|
29 |
ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და
სატკივარი სიკვდილამდე მოინელებს მათ. |
|
|
30 |
რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი
მფლობელი იქნება. |
|
|