ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი მცნებათა დამცველია. |
||
2 | ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი. | ||
3 | მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს. | ||
4 | ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი შემაწევარნი. | ||
5 | ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს. | ||
6 | თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ. | ||
7 | ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ. | ||
8 | მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ. | ||
9 | შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ გაუშვებ. | ||
10 | დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ დასაღუპავად. | ||
11 | შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებლობას მოგიტანს. | ||
12 | სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში, | ||
13 | და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან. | ||
14 | კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს. | ||
15 |
ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე. |
||
16 | თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს. | ||
17 | თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ, შეარყია. | ||
18 | სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა. | ||
19 | ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს. | ||
20 | შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ ჩავარდე. | ||
21 | დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი - სირცხვილის დამფარველი. | ||
22 | ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს. | ||
23 | მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ მოისმენ. | ||
24 | ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს ვერ გააღებ. | ||
25 | უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ. | ||
26 | მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო. | ||
27 | დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება. | ||
28 | მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის დაყვედრება. |