ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს. |
||
2 | შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს. | ||
3 | შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს. | ||
4 | აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი. | ||
5 | ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე. | ||
6 | რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი - მადლის გადამხდელი. | ||
7 | შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული. | ||
8 | გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა. | ||
9 | გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს. | ||
10 | ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო. | ||
11 | ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში. | ||
12 | და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს. | ||
13 | გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს. | ||
14 |
ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს. |
||
15 | სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს. | ||
16 | სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია. | ||
17 | გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ სნეულებას - საუკუნო განსვენება. | ||
18 | მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე. | ||
19 | რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც. | ||
20 | თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის. | ||
21 | ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. | ||
22 | გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. | ||
23 | დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი. | ||
24 | შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე. | ||
25 | ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს. |